ბათუმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლიანიუნგანის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის მერიაში, ქალაქ ლიანიუნგანსა და ქალაქ ბათუმს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, დოკუმენტი ორ ქალაქს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებასა და ტურიზმის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროების განვითარებას ითვალისწინებს.
“დღეს ჩინეთის ქალაქ ლიანიუნგანთან ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს განათლების, კულტურის, სპორტისა და ეკონომიკის სფეროში. ეს არის ქალაქი, რომლის მოსახლეობის რაოდენობაც 4 მილიონს შეადგენს და ვფიქრობ, ყველასათვის გასაგებია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენს ქალაქებს შორის მეგობრობისა და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება. გვაქვს ბევრი გადაკვეთის წერტილი. ჩვენი პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა როგორც ბათუმის მდებარეობა, ასევე მისი ეკონომიკური და ლოჯისტიკური შესაძლებლობები”, – განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.
მემორანდუმს ხელი ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლიანიუნგანის მერმა ფან ვეიმ მოაწერეს.