ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 12 საათისთვის ჯამში 24 საჩივარია შესული

663

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 12 საათისთვის ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 24 საჩივარი, აქედან ზუგდიდში – 13, მარნეულში – 7, ზესტაფონში – 1, ხოლო ხულოში – 3.

ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, საჩივრები, ძირითადად, პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.

“№67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ცესკოს აკრედიტაციის გარეშე მედიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ფაქტის დაფიქსირებისთანავე ყველა მათგანს კომისიამ დაატოვებინა საარჩევნო უბანი.

№67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №82-ე საარჩევნო უბანზე მოხდა პროცედურული ხარვეზი საკონტროლო ფურცლის შევსებისას. კერძოდ, საკონტროლო ფურცელი, რომელიც არის თვითკოპირებადი, ერთი ასლის შევსების ნაცვლად, კომისიის წევრებმა შეავსეს ცალ-ცალკე და ორ მათგანს დაარტყეს ბეჭედი. თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით, საკონტროლო ფურცელს არ ერტყმება კომისიის ბეჭედი. შედგა შესაბამისი აქტი და კომისია მოახდენს რეაგირებას. რაც მთვარია, გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული ამომრჩევლები ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ საკუთარი ნების გამოხატვას.

მარნეულში, 68-ე და 49-ე საარჩევნო უბნებიდან მიღებული ინფორმაციით, ორ დამკვირვებელს დაატოვებინეს უბნები კომისიის მუშაობის ხელის შეშლისა და სამაგიდო სიებში არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების მცდელობისთვის. 68-ე უბანი დაატოვებინეს დამკვირვებელს ორგანიზაცია „ერთობიდან“, ხოლო 49-ე უბანი – დამკვირვებელს ორგანიზაციიდან „საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცესკოს პრეს-სპიკერმა ასევე გააკეთა განმარტება ამომრჩეველთა სიის სურათებიან ვერსიასთან დაკავშირებით.

„დამატებით გაცნობებთ, რამდენადაც გრძელდება ამ საკითხზე ინტერპრეტაციები, საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე სურათიანი საარჩევნო სიების მოთხოვნის უფლება აქვთ პოლიტიკურ პარტიებს, საინიციატივო ჯგუფებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ამომრჩეველთა სიის სურათებიანი ვერსია გაცემულია 6 საინიციატივო ჯგუფსა და 5 პარტიაზე“, – აღნიშნა მიქელაძემ.

ცესკოს პრეს-სპიკერი ამბობს, რომ ხმის მიცემის პროცესი ყველა საარჩევნო უბანზე ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. აქედან წყალტუბოსა და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღე მიმდინარეობს ხმის დათვლის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით.