ქალაქ ფოთის მერია იმ მინი სპორტული მოედნების სიას აქვეყნებს, რომლებსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ. სამუშაოები უკვე დაწყებულია და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარია გამოყოფილი. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯეო ბილდერი“ ახორციელებს.
პროექტის მიხედვით, პირველ ეტაპზე, 15 მინი სპორტულ მოედანს ბარათაშვილის, კოსტავას (ლოლუას ქუჩის გადაკვეთის მიმდებარედ), თავდადებულის, აღმაშენებლის, გორგასლის, ბერდიანსკის, მემედ აბაშიძის, გეგიძის, კრატასიუკის, აკაკის, გურიის (მალთაყვის კლუბთან), ჭყონდიდელის ქუჩებსა და 9 აპრილის ხეივანზე კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება, ხოლო არაგვისპირელის ქუჩაზე ახალი მინი სპორტული მოედანი მოეწყობა.
მერიის ინფორმაციით, მინი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აგვისტოს თვეში დასრულდება.