ცესკო: 410 საარჩევნო უბანზე ჯამში 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული

763

წინა სტატია

19 მაისის რიგგარეშე/შუალედური არჩევნები გაიმართება 410 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანამ მიქელაძემ არჩევნებთან დაკავშირებით ცესკოში გამართულ ბრიფინგი განაცხადა.

ცესკო-ს ინფორმაციით, თითოეულ საარჩევნო უბანს უკვე გადაეცა ყველა საჭირო ინვენტარი და დოკუმენტაციის გადაცემის პროცესი დღეს დასრულდება. ხვალ, 08:00 სთ-ზე ყველა საარჩევნო უბანი მზად იქნება ამომრჩეველთა მისაღებად.

ამასთან, არჩევნების დღეს ამომრჩევლები ძირითადად ერთ საარჩევნო ბიულეტენს მიიღებენ, ხოლო ზესტაფონსა და ჭიათურაში, იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნებთან ერთად იმართება საკრებულოების შუალედური არჩევნები – 2 ბიულეტენს. ბიულეტენები დაბეჭდილია როგორც ქართულ, ისე შესაბამისი საარჩევნო უბნებისთვის, ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე.

19 მაისს, საარჩევნო ადმინისტრაცია წყალტუბოსა და ტყიბულში 8 საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის კიდევ ერთ ეტაპს განახორციელებს.

ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურა, ცესკოს მიერ, 2018 წელს, 3 საარჩევნო უბანზე განხორციელდა. 19 მაისის არჩევნებს 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 6 139 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 47 დამკვირვებელი დააკვირდება.

არჩევნების დღეს 45 მედია ორგანიზაციის 1 917 წარმომადგენელი გააშუქებს. 19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.