წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებას, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა და წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. მიმდინარე მოვლენებზე განცხადება საია-ს თავმჯდომარემ ვახუშტი მენაბდესთან ერთად გააკეთა.
სულხან სალაძემ ის ფაქტები შეაფასა, რომლებიც 2019 წლის 28 აპრილიდან 15 მაისამდე პერიოდში გამოვლინდა. მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, ადგილი ჰქონდა საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენებას ახმეტის მუნიციპალიტეტში, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტს ზუგდიდში და წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევას.
საია-ს ინფორმაციით, 19 მაისის მოახლოებასთან ერთად ვითარება უფრო და უფრო იძაბება.
“მით უფრო შემაშფოთებელია მთავარი პარტიების მხრიდან ამ მეთოდების გამოყენება, მათი ელექტორალური მხარდაჭერის მასშტაბების გათვალისწინებით. თითოეული ასეთი გადაცდომა საზოგადოებრივი სიმშვიდის ხელყოფის საფრთხეს შეიცავს. განსაკუთრებული დაძაბულობაა ზუგდიდის ოლქში, სადაც პოლიტიკური ძალების ნაწილი არ ერიდება იმგვარ ქმედებებსაც კი, რომლებიც, შესაძლოა, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს. მეტიც, გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობის წევრი გია დანელიაა აღბეჭდილი, რომელიც საუბრობს ინსტრუქციაზე ამომრჩეველზე ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმის გამოყენების შესახებ. შესაბამისად, საია მოუწოდებს პარტიებს – გამოიყენონ მათ ხელთ არსებული მექანიზმები, რათა აღკვეთონ და არ დაუშვან წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვა; შს სამინისტროს – გაატაროს პრევენციული ღონისძიებები ამგვარი ფაქტების წინასწარ აღსაკვეთად, ხოლო აქამდე მომხდარი შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოიძიოს და პასუხისგებაში მისცეს კონკრეტული პირები.
იმ ძალადობრივი დანაშაულების შესახებ ფაქტებს, რომლებიც შს სამინისტრომ წინასაარჩევნო პერიოდში ოფიციალურად აღრიცხა, საია მომავალში მიადევნებს თვალს“, – ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე დაიწყო.
რაც შეეხება საბიუჯეტო რესურსების გამოყენებას, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საიამ გამოიკვლია იმ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში შეტანილი ცვლილებები, სადაც რიგგარეშე/შუალედური არჩევნები იმართება. არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან აკრძალულია სოციალური გასაცემლების ოდენობების ზრდა და ახლის დაწესება. მიუხედავად ამისა, ახმეტის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში სოციალურ პროგრამებში განხორციელდა ცვლილება და დაემატა 13 500 ლარი. ეს ფაქტი საიას მიერ ფასდება, როგორც საბიუჯეტო რესურსის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება.
საია-ს ინფორმაციით, დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტიც.
2019 წლის 14 მაისს ტელეკომპანია “ოდიშის“ გადაცემა “ლუსტრაციის“ ჩაწერისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს. შს სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტები საკუთარ პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, ხოლო თავდასხმის შედეგად მათ არ მიეცათ საკუთარი პროფესიული მოვალეობის დაუბრკოლებლად შესრულების შესაძლებლობა, საია მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა წარიმართოს სპეციალური მუხლით, რომელიც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლას გულისხმობს.
საია-ს ანგარიშში ასახულია წინასააჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევის შემთხვევებიც.
საია-მ დააფიქსირა უფასო პოლიტიკური რეკლამის სხვა საარჩევნო სუბიექტების სასარგებლოდ სატელევიზიო მაუწყებლებში განთავსების რამდენიმე შემთხვევა:
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა − გაერთიანებული ოპოზიციის” მიერ წარდგენილი ზუგდიდის მერობის კანდიდატის − სანდრა ელისაბედ რულოვსის მხარდაჭერას ემსახურება:”მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი ზუგდიდის მერობის კანდიდატის − მამუკა გერმანიშვილის უფასო პოლიტიკური რეკლამა, “პოლიტიკური პლატფორმა − ახალი საქართველოს” მიერ წარდგენილი ზუგდიდის მერობის კანდიდატის − ალექსი ნონიაძის უფასო პოლიტიკური რეკლამა, “ქრისტიან‐კონსერვატორების” მიერ წარდგენილი ზუგდიდის მერობის კანდიდატის − ნანი ხუციძის უფასო პოლიტიკური რეკლამა; “ეროვნულ‐დემოკრატიული პარტიის (ედპ)” მიერ წარდგენილი ზუგდიდის მერობის კანდიდატის − გიორგი ჩიაშვილის უფასო პოლიტიკური რეკლამა.
“ევროპული საქართველო − თავისუფალი დემოკრატების” მიერ წარდგენილი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის − შალვა შავგულიძის მხარდაჭერას ემსახურება “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის” მიერ წარდგენილი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის − გიორგი შალიკაშვილის უფასო პოლიტიკური რეკლამა.
მსგავსი ფაქტები გასულ წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს საია-მ კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევად შეაფასა. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია შემოწირულობების მიღება არასამეწარმეო იურიდიული პირისგან, ხოლო პარტია არასამეწარმეო იურიდიული პირია. ამდენად, ეს რეკლამები წარმოადგენს სანდრა ელისაბედ რულოვსისა და შალვა შავგულიძის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობას და იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას.
ამასთან, საია-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 მაისს, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად სპეციალური ბრძანება გამოსცა. იმავე დღეს შსს-მ და ცესკომ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. საია ორივე ფაქტს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მათი სათანადო იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნას.