რომელი მუნიციპალიტეტების მერიები და საკრებულოები დასახელდა ყველაზე დახურულ დაწესებულებებად?

1756

წინა სტატია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დღეს საჯარო უწყებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში და რეიტინგი გამოაქვეყნა. ანგარიში, სხვა საჯარო დაწესებულებებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობის ხარისხსაც სწავლობს.

როგორც პრეზენტაციიდან ირკვევა, 2018 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი, 0%-იანი მაჩვენებელი, 64 მუნიციპალიტეტიდან, 4 მუნიციპალიტეტს აქვს, საიდანაც 2 მერიაა, ხოლო 2 – საკრებულო.

ანგარიშის თანახმად, წალენჯიხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების მერიებს IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 23 წერილი გაუგზავნა, თუმცა, პასუხი არც ერთ მათგანზე არ მიუღია.

ანალოგიური, 0-%-იანი შედეგი აქვთ, ასევე, კასპისა და ვანის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს. ამ დაწესებულებებს IDFI-იმ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 17 წერილი გაუგზავნა, მაგრამ პასუხი ვერც ერთზე მიიღო.

ასევე, 0% აქვს რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასაც, რომელმაც, IDFI-ის 20 მოთხოვნიდან, არცერთი დააკმაყოფილა.

რაც შეეხება სამინისტროებს და მათ დაქვემდებარებულ სტრუქტურებს, როგორც აღმოჩნდა, ამ მხრივ ყველაზე ცუდი შედეგი იუსტიციის სამინისტროს სისტემაშია. თავად სამინისტროს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, 3.85% აქვს, მის საქვეუწყებო ორგანიზაციებიდან შვიდს – საქართველოს ეროვნულ არქივს, საჯარო რეესტრისს ეროვნულ სააგენტოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, ნოტარიუსთა პალატას, საკანონმდებლო მაცნესა და იუსტიციის სახლს – 0%-იანი შედეგი აქვს,  მცირედით უკეთესი ვითარებაა რამდენიმე საქვეუწყებო ორგანიზაციებში: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო – 1.75%, მონაცემთა გაცვლის სააგენტო – 3.3%, აღსრულების ეროვნული ბიურო – 7.14%. როგორც ირკვევა, იუსტიციის სისტემაში ყველაზე კარგი შედეგი “სმართ ლოჯიქი”-ს აქვს. მან ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 48.3%-იანი შედეგი აჩვენა.

დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო უწყებების რეიტინგებიც გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, მდგომარეობა მცირედით გაუარესებულია. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს IDFI 2010 წლიდან ატარებს.