რომელი მუნიციპალიტეტების მერიები და საკრებულოები დასახელდა ყველაზე ანგარიშვალდებულ უწყებებად?

2105
Business performance analysis with graphs

შემდეგი სტატია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დღეს საჯარო უწყებებში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში და რეიტინგი გამოაქვეყნა. ანგარიში, სხვა საჯარო დაწესებულებებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გამჭვირვალობის ხარისხსაც სწავლობს.

როგორც პრეზენტაციიდან ირკვევა, 2018 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი, 100%-იანი მაჩვენებელი, 64 მუნიციპალიტეტიდან, 12 მუნიციპალიტეტს აქვს, თუმცა, ამ მუნიციპალიტეტებიდან მხოლოდ სამია მერია, 9 კი – საკრებულო.

ანგარიშის თანახმად, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით საუკეთესო ზუგდიდის მერია და საკრებულოა. ეს ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომლის აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოებიც ყველაზე მაღალ სტანდარტს ერთნაირად აკმაყოფილებენ.

100%-იანი შედეგი აქვთ, ასევე, წყალტუბოსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების მერიებს. რაც შეეხება საკრებულოებს, ამ მხრივ გამორჩეული ქარელის, ახალციხის, საჩხერის, ყვარლის, დმანისის, თიანეთის, ჭიათურის, ხობისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საკრებულოებია. მათაც, კვლევის თანახმად, 100%-იანი შედეგი დადეს.

საუკეთესო რეიტინგების მქონე გახდა, ასევე, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაც. ის არსებული 9 ადმინისტრაციიდან ერთადერთია, რომელმაც, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, 100%-იანი შედეგი აჩვენა. ანალოგიური შედეგი აქვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამ სამინისტროსაც – სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

რაც შეეხება ცენტრალურ ხელისუფლებაში შემავალ უწყებებს, IDFI-ის კვლევით, ყველაზე მაღალი შეფასება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიმსახურა. მას 99.8% აქვს მინიჭებული. აღმოჩნდა, რომ აღნიშნულმა სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით გაგზავნილი 39 წერილიდან ყველაზე უპასუხა, თუმცა, კანონით დადგენილ 10-დღიან ვადას 6 შემთხვევაში გადააცილა.

დღეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ყველაზე დახურული საჯარო უწყებების რეიტინგებიც გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, მდგომარეობა მცირედით გაუარესებულია. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს IDFI 2010 წლიდან ატარებს.