დღეიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა ძვირდება

1511

დღეიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთების ფასი, დაახლოებით, 10%-15%-ით იზრდება. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ “დაცული ტერიტორიების სააგენტოს” მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ნიკო თევდორაშვილმა განაცხადა, ბილეთებზე ფასის ზრდა ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვამ გამოიწვია.

“დღეიდან, ტერიტორიებზე ბილეთების რეალიზება ელექტრონული გზით მოხდება, რაც ვიზიტორთა მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ელექტრონული ბილეთების სისტემის დანერგვის გამო, გაიზარდა ბილეთის ღირებულება და საკომისიო მომსახურების გადასახადი დაემატა. აქვე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ საფასურის ზრდა მინიმალურია და 10%-15%-ს შეადგენს.

კომპანიამ ვიზიტორთა ცენტრებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყო. დამონტაჟდა გამშვები ტურნიკეტები, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, ბილეთის საბეჭდი აპარატები, ასევე სალაროსთან ლოდინის რეჟიმის განტვირთვის მიზნით ბილეთის ყიდვის სწრაფი აპარატები“, – განაცხადა თევდორაშვილმა.

მისივე თქმით, ბილეთების რეალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის, ფინანსური მონიტორინგისა და ვიზიტორთა შესვლის კონტროლის უზრუნველყოფას კომპანია “Guru.ge“ ახორციელებს.

თევვდორაშვილის აზრით, ტურისტულ კომპანიებს ფასების მატების გამო შემოსავლები გარკვეულწილად შეუმცირდებათ, თუმცა წაგებაზე არ წავლენ.

რაც შეეხება ტურისტული კომპანიების წინასწარ გაფრთხილების საკითხს, თევდორაშვილი აღნიშნავს, რომ ის ბილეთების გაყიდვის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლასთან და ფასის მატებასთან დაკავშირებით ბაზრის ძირითად მოთამაშეებს შეხვდა, თუმცა კონკრეტული კომპანიების დასახელება უჭირს.

კერძოდ, “მარტვილის კანიონზე“ – საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასები 9 ლარიდან – 10.35 ლარამდე გაიზარდა. უცხოეთის მოქალაქეებისთვის – 15 ლარიდან 17.25 ლარამდე. “პრომეთეს მღვიმეში“ – ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 ლარიდან 11.50 ლარამდე გაიზარდა, ხოლო უცხოელებისთვის – 20-დან 23 ლარამდე. ‘სათაფლიაზე“ – ფასები საქართველოს მოქალაქეებისთვის 7 ლარიდან 8 ლარამდე გაიზარდა. უცხოეთის მოქალაქეზე – 15 ლარიდან 17.25 ლარამდე. “ოკაცეს კანიონზე“ კი – ფასი საქართველოს მოქალაქეებზე 8 ლარიდან 9.20 ლარამდე გაიზარდა, უცხოეთის მოქალაქეებზე – 15-დან 17.25 ლარამდე.