ორხევში სამი ქუჩის რეაბილიტაციისთვის 750 ათასამდე ლარი იხარჯება

1049

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ქიზიყის, კაკაბაძისა და სააკაძის ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საერთო ჯამში სამივე ქუჩის რეაბილიტაციისთვის 750 ათასამდე ლარი იხარჯება.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, ქიზიყის ქუჩის სარეაბილიტაცო სამუშაოების ფარგლებში, 700-მეტრიანი ცენტრალური გზა და საცხოვრებელ სახლებთან მისასვლელი მონაკვეთები მოწესრიგდება. ასფალტის საფარი საერთო ჯამში კი, 4 550 კვ.მ ფართობზე დაიგება. პროექტის ღირებულება 285 ათას ლარს შეადგენს.

“ქიზიყის ქუჩაზე ასფალტის საფარი დღემდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ კი ადგილობრივები განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.  საგზაო სამუშაოებს კომპანია „ენდი როუდი“ აწარმოებს”, – ამბობენ გამგეობაში.

რაც შეეხება კაკაბაძის ქუჩას, აქ გამგეობის ცნობით, გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან 160 ათასილარით დაფინანსდა.

“პროექტის ფარგლებში, რომელიც მაისის ბოლომდე დასრულდება, 2500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება, ასევე, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიური. საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, აღნიშნულ ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა – სანიაღვრე ქსელი მოეწყო და წყლისა და წყალარინების სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. საგზაო სამუშაოებს კომპანია „ენდი როუდი“ აწარმოებს”, – განმარტავენ სამგორის გამგეობაში.

ამასთან, მიმდინარეობს სააკაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაც, სადაც სამუშაოების ფარგლებში, 2 500 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება და ბორდიური მოეწყობა.

სანიაღვრე სისტემის არარსებობის გამო, წვიმის წყალი საცხოვრებელ სახლებს აზიანებდა. მოსახლეობას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დავპირდით და დღეისთვის, ამ ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა -მოეწყო სანიაღვრე ქსელი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლისა და წყალარინების სისტემებს. ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს და ასფალტის საფარი იგება“, – განაცხადეს გამგეობაში.

აღნიშნული პროექტი სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 285 000 ლარით დაფინანსდა. საგზაო სამუშაოებს კომპანია “ენდი როუდი“ აწარმოებს.