სტატია მომზადებულია რადიო “ათინათის” მიერ
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სახელმწიფო უფრო მეტ უძრავ ქონებას ფლობს, ვიდრე თვითმმართველობა. ორგანიზაციამ გადაწყვიტა, აღნიშნული პრობლემის საილუსტრაციოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითი მოეყვანა.
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში 263 უძრავი ქონება ირიცხება, მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (სულ 97 შენობა, ჯამური ფართობით 24 004 კვ.მ.), სასაფლაოები, ტროტუარები, სკვერები, სტადიონები, ქუჩები, მოსაცდელები და ა.შ. TI-ში ამბობენ, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ძირითად, გაუსხვისებელ ქონებას წარმოადგენს, შესაბამისად, ამ ქონებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მოკლებულია.
ავტორების ინფორმაციით, სახელმწიფო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 817 ნაკვეთს ფლობს, რომელთა ნაწილზეც (333 შემთხვევაში) სხვადასხვა შენობა-ნაგებობაა განთავსებული (ჯამური ფართობით 340 513 კვ.მ. მათ შორის სკოლები, ამბულატორიები, ცალკეულ საჯარო უწყებათა ოფისები და ა.შ.). აქვე მითითებულია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ზუგდიდის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს არ ფლობს, სახელმწიფო კი ზუგდიდის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის – 23,399 069 კვ.მ-ის (2,339.9 ჰექტარი) მფლობელია.
“წარმოდგენილი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ დისბალანსი მუნიციპალიტეტსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებებს შორის საკმაოდ დიდია. პრობლემატურია ის გარემოებაც, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ნაწილი (ყოფილი სოფლის საბჭოს შენობები, კლუბები, სასოფლო აფთიაქები, სავაჭრო ცენტრები და ა.შ.), რომელთა რაოდენობაც ზუგდიდში 100-ზე მეტია, დღეს უფუნქციოდაა დარჩენილი, დაკეტილია და თანდათან ინგრევა. მათი მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის შემთხვევაში კი, თვითმმართველობებს მიეცემათ ამ შენობების პრივატიზირების ან იჯარით გაცემის შესაძლებლობა, რაც გაზრდის ადგილობრივ საბიუჯეტო შემოსავლებს“, – ამბობენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“.
არასამთავრობო ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ კანონმდებლობის მოთხოვნისა და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებების მიუხედავად, ადგილობრივ თვითმმართველობებს სახელმწიფოსგან სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და ქონება ამ დრომდე არ მიუღიათ.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 162-ე მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროებს 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა შეემუშავებინათ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი შესაბამისი გრაფიკი და წესი, დასამტკიცებლად კი საქართველოს მთავრობასთვის წარედგინათ, თუმცა აღნიშნული ვალდებულება სამინისტროებს დღემდე არ შეუსრულებიათ”, – ამბობენ TI-ში.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” პოზიციით, საქართველოს მთავრობამ დროულად უნდა დაიწყოს მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და სხვა ქონების გადაცემის პროცესი, რაც, ორგანიზაციის მტკიცებით, საშუალებას მისცემს ადგილობრივ თვითმმართველობებს, გაზარდონ საკუთარი შემოსავლები და შესაბამისად, გააუმჯობესონ მუნიციპალური სერვისების ხარისხი.
კვლევას გამოეხმაურა ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია და ორგანიზაციის რეკომენდაციებს საფუძვლიანი უწოდა. მისი შეფასებით, აღნიშნული პრობლემა ყველა მუნიციპალიტეტისთვის საერთო გამოწვევაა.
“მთავრობის მიერ შემუშავებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განმხილველი კომისია, რომელიც საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ქონების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემის საკითხს სამუშაო სხდომაზე ცალკე თავად განიხილავს, რაც ამ საკითხის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. შესაბამისად გვაქვს მოლოდინი, რომ არა წლობით, არამედ უკვე ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი ეს მნიშვნელოვანი საკითხი სწორი მიმართულებით შეიცვლება”, – აღნიშნავს ქვარაია.
თავის მხრივ, კოალიცია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ წევრი მაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ უმჯობესია, პარლამენტმა საკუთარი მოვალეობა შეასრულოს და მთავრობას მოუწოდოს, თვითმმართველობის კოდექსის მუხლის შესრულებისკენ, რაც მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემას გულისხმობს. ამასთან, პოპიაშვილის თქმით, სტრატეგიის პროექტი ქონების გადაცემაზე ზოგად ჩანაწერს ასახავს და კონკრეტული არაფერია მოცემული.
“არ არის აქ აღნიშნული, თუ რა ტიპის და რა ვადებში უნდა გადაეცეს ქონება მუნიციპალიტეტებს. სამუშაო ჯგუფები სამთავრობო დონეზე არ აღმოჩნდა მზად, რომ დეტალურად ესაუბრა ამის შესახებ. ცხადია, შესაბამისი კომისია პარლამენტში, ალბათ, განიხილავს და რეკომენდაციებს მისცემს მთავრობას, თუმცა, პირველ რიგში, უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, 162-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები და საკანონმდებლო ორგანო ვალდებულია სამინისტროებს ზედამხედველობა გაუწიოს მათი შესრულების მიმართულებით. მსგავსი ქმედება კი ჩვენ ამ დრომდე არ გვინახავს. სტრატეგია ამ ეტაპზე არის მხოლოდ კეთილი სურვილების დოკუმენტი, რომელთანაც ძალიან ბევრი შენიშვნაა და ის ვერ იქნება კოდექსზე მაღლა მდგომი. კოდექსის აღსრულებაზე იზრუნონ, პირველ რიგში და მხოლოდ ამის შემდეგ ვიმსჯელოთ, როგორი თვითმმართველობა გვინდა, რომ გვქონდეს“, – უთხრა რადიო “ათინათს“ პოპიაშვილმა.
დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტის განხილვა ზუგდიდში 2019 წლის 17 იანვარს მოეწყო. მაშინ რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები გაუზიარეს, მათ შორის იყო უძრავი ქონების – მიწებისა და შენობა-ნაგებობების- მუნიციპალიტეტებისთვის გადმოცემის საკითხიც.