სამეგრელოს მერების შენიშვნები დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტზე და სამინისტროს პასუხი (ვიდეო)

1184

წინა სტატია

შემდეგი სტატია

რადიო “ათინათი”

ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში, დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. მუნიციპალიტებების მერებმა პრეზენტაციების შემდეგ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს რეკომენდაციებით მიმართეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ნიკოლოზ როსებაშვილმა დეცენტრალიზაციის საშუალო სტრატეგიის (2019-2025) პროექტი პრეზენტაციის სახით წარმოადგინა და დამსწრე საზოგადოებას აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი პრინციპები გააცნო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია დასუფთავების გადასახადისა და ავტოსადგომების საკითხის მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ მუნიციპალიტეტს მიეცეს საშუალება, ავტოსადგომებისა და დასუფთავების მოსაკრებლის პრობლემები საკუთარ თავზე აიღოს. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ  მიზანშეწონილია, ზუგდიდის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები არა ეკონომიკის სამინისტროს, არამედ მუნიციპალიტეტის საკუთრება იყოს.

“ის, რომ ეკონომიკის სამინისტრო დაქსაქსულად ყიდის მიწებს, აისახება სოფლის მეურნეობაზე. რაც შეეხება დასუფთავებას, ჯარიმების აღსრულების არანაირი ბერკეტი არ არსებობს. ავტოსადგომებიც რამდენიმე ადგილსააა განთავსებული”, – თქვა წოწერიამ.

მარტვილის მერმა ყურადღება დაყადაღებულ, მიტოვებულ შენობებზე გაამახვილა.

“ფაქტობრივად, ვუყურებთ, როგორ გვენგრევა შენობები, რომელთა გამოყენება შეგვიძლია ჩვენ მუნიციპალიტეტის საჭიროებისთვის. ფაქტობრივად, ეს შენობები არავის უნდა და ჩვენც ვერ ვსარგებლობთ და ამის მაგალითების დასახელებაც შემიძლია”, – თქვა გრიგალავამ.

აბაშის მერი ლევან მაკალათია დაინტერესდა, როდის იქნება მზად ეკონომიკის სამინისტრო, რომ საკუთრებაში არსებული მიწები მუნიციპალიტეტებს გადასცენ. გარდა ამისა, მაკალათია მიიჩნევს, რომ მსგავსი განხილვები დეცენტრალიაციის საკითხზე ყველა მუნიციპალიტეტში ინდივიდუალურად უნდა გაიმართოს.

“აუციელებლად სწრაფად უნდა განხორციელდეს პროექტი და ეს მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანია. ფიზიკურ პირებს თუ შპს-ების წარმომაგენლებს უფრო მეტად უადვილდებათ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა, ვიდრე ცენტრალურ მთავრობასთან, ამიტომაც მნიშვნელოვანია მიწების მუნიციპალურ საკუთრებად ქცევის საკითხი”, – აღნიშნა მაკალათიამ.

ამავე პოზიციაზეა ფოთის ადგილობრივი ხელისუფლებაც. ფოთის მერის მოადგილემ, გიორგი ფარეშიშვილმა აღნიშნა, რომ ქალაქს, რომელსაც პორტი და კოლხეთის ეროვნული პარკი აქვს, სპეციფიური საჭიროებები გააჩნია.

“უნდა მიეცეს ადგილობრივ ხელისუფლებას საშუალება, რომ დააწესოს მოსაკრებლები. განსაკუთრებული ფინანსური სარგებელი ჩვენი ქალაქისთვის არ აქვს არც პორტს და არც კოლხეთის პარკს. ძალიან კარგია ასეთ სტრატეგიაზე მუშაობა, მაგრამ აუცილებელია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობოებს და აქ დასაქმებულებს ვკითხოთ აზრი, რათა სამომავლოდ ცენტრზე ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებულები”, – აღნიშნა ფარეშიშვილმა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეებიც დაესწრნენ. როგორც კოალიცია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” წარმომადგენელმა, ირაკლი მელაშვილმა აღნიშნა, დეცენტრალიზაციისთვის მთავარი მიმართულება ქონების გადაცემა და საშემოსავლო გადასახადის გაყოფა უნდა იყოს, რასაც პროექტი ამ ეტაპზე არ ითვალისწინებს.

“ორი მიმართულება არის უმნიშვნელოვანესი – ქონების გადაცემა და საშემოსავლო გადასახადის გაყოფა, რაც, ერთი მხირვ, მისცემს მუნიციპალიტეტებს მოტივაციას ეკონომიკური აქტივობისთვის, მეორე მხრივ კი, მუნიციპალიტეტს თითოეული დასაქმებული პირის საშემოსავლო გადასახადიდან გადასახადი შემოუვა”, – თქვა მელაშვილმა.

კითხვებს რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა უპასუხეს. მათი თქმით, რეკომენდაციები, რომელთაც ისინი მუნიციპალიტეტებში მიიღებენ, სტრატეგიაში აისახება.

“2019-2015 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიას აქვს სამი ძირიითადი მიმართულება – უფლებამოსილებების გადაცემა მუნიციპალიტეტებისთვის, მეტი ფინანსური რესურსის გადაცემა და მოქალაქეების ჩართულობით ღონისძიებების დაგეგმვა, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს. ჩვენი ხედვა სრულ თანხვედრაშია მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მოსაზრებებთან და ის, რაც, არ არის ასახული, აუცილებლად ჩაიწერება”, – აღნიშნა რეგიონული განივითარების მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგებიანმა.

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (NALAG), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების მხარდაჭერით, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საქართველოს რეგიონებში დეცენტრალიზაციის ეროვნული სტრატეგიის პროექტზე საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო. ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრები ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის დეცენტრალიზაციის საკითხებზე დიალოგის წარმართვასა და დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაში ადგილობრივი ხელისუფლების ინტერესების გათვალისწინებას ისახავს მიზნად.