ასპინძა–ახალქალაქის ცენტრალურ გზაზე ქვათაცვენის ფაქტები გახშირდა. ბოლო ერთ თვეში კლდიდან ლოდები ორჯერ ჩამოცვივდა და მანქანები დააზიანა. გეოლოგები ამბობენ, რომ ცენტრალურ გზაზე კლდეები უნდა გაიწმინდოს და ზედ რკინის ნაქსოვი ბადე გაიკრას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ახალქალაქიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ჩუნჩხის ხიდთან კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდი 19 თებერვალს დაეცა, შემთხვევის შედაგად 48 წლის კაცი მძიმედ დაშავდა, იგი ამ დრომდე თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.
მძღოლები ამბობენ, რომ ახალქალაქი-ასპინძის მიმართულებით ცენტრალურ გზაზე კლდიდან ქვები თითქმის ყოველდღე ცვივა.
ახალციხიდან, ასპინძის და ახალქალაქის მიმართულებით, ცენტრალურ გზების მოვლა-პატრონობას შპს “ჯავახ ავტოგზა“ უზრუნველყოფს. კომპანიის დირექტორი ნოდარ ინასარიძე ამბობს, რომ ქვათაცვენის შესახებ ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტს უკვე მიაწოდა.
“გეოლოგები იყვნენ ჩამოსულები და დაათვალიერეს, უახლოეს მომავალში დაიგეგმება კლდეების ჩამოწმენდა, მაგრამ მანამდე ტენდერი უნდა გამოცხადდეს, რადგან თანხები ამოწურულია. კლდეების გაწმენდაზე ცალკე ტენდერი იქნება თუ მოვლა-შენახვის ფარგლებში გავაკეთებთ, ეს ჯერ არ ვიცი. დეპარტამენტი რასაც დაგვიკვეთავს ჩვენ იმას ვასრულებთ“, – ამბობს ნოდარ ინასარიძე.
სამცხე–ჯავახეთის ცენტრალურ გზებზე არსებული ვითარება საავტომობილო გზების დეპარტამენტის გეოლოგმა თამაზ გერკეულიძემ შეისწავლა. იგი ახალქალაქში ჩუნჩხის ხიდთან მომხდარი შემთხვევიდან მეორე დღეს, 20 თებერვალს ჩავიდა.
“ეს არის გამოფიტული ვულკანური ქანები, რომელიც ალპინისტების ჯგუფმა უნდა ჩამოყაროს, გასუფთავებულ ფართობზე კი რკინის მოქსოვილი ბადე უნდა გაიკრას. გარდა ამისა გზის ორივე მიმართულებით ქვათაცვენის ნიშნები უნდა დაიდგას, რომელიც არ არის“, – ამბობს თამაზ გერკეულიძე.
მისი თქმით, დასკვნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტს უკვე გადაუგზავნა. გერკეულიძის ინფორმაციით, ისეთი მონაკვეთები, სადაც ქვები ცვივა რეგიონში ბევრია:
“ასპინძა ახალციხის გზასთან შედარებით, ახალციხე ასპინძის გზის მონაკვეთი უფრო საშიშია“.
ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძის განმარტებით მის ტერიტორიაზე, ორი მონაკვეთია, სადაც ქვათაცვენა ფიქსირდება, ნიჯგორთან და თმოგვიდან 2–3 კილომეტრში.
“ისეთი სიხშირით არ ხდება ქვათაცვენა, რომ მონიტორნიგი დაწესდეს. ბოლო შემთხვევა, როცა ქვა ჩამოვარდა და გზა ჩაკეტა 2017 წელს მოხდა, სოფელ თმოგვთან. სადაც ქვათაცვენაა, იმ ადგილზე მიმანიშნებელი ბანერები დგას, მოსახლეობასაც წარმომადგენლების საშუალებით ვაფრთხილებთ. შპს “მესხეთ ავტოგზა“ კი ლოდების ჩამოცვენიდან 20–30 წუთში წმენდს გზას. აღნიშნულმა კომპანიამ უკვე შეატყობინა საგზაო დეპარტამენტს“.
მისი თქმით, სოფელ ნიჯგორთან, რა დროსაც გენადი ხატიძის მანქანას ლოდი დაეცა ქვები ორი დღის განმავლობაში ცვიოდა.
როდის დაიწყებს საქართველოს საგზაო დეპარტამენტი როგორც ახალციხე-ასპინძის ასევე, ასპინძა-ახალქალაქის ცენტრალურ გზებზე არსებული კლდეების გაწმენდას ჯერ უცნობია.