პრემიერი: ყველა დასახლებულ პუნქტში ქართული ფოლკლორი და საგალობლები უნდა ისწავლებოდეს

819

სტატიის გაგრძელება

ჩვენი სურვილი და მოწოდებაა, რომ საქართველოში ყველა დასახლებულ პუნქტში ისწავლებოდეს ქართული ფოლკლორი და უნიკალური საგალობლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მე-10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების – ნევმების – კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული საგალობლები უნიკალური მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში და ეს არის მსოფლიო საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება.

“ჩვენ  ვამაყობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურით, იმით, რომ ქართველ ერს უნიკალური წვლილი აქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში. როდესაც ვსაუბრობთ მსოფლიო ცივილიზაციაში ჩვენს წვლილზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვგულისხმობთ ქართულ მრავალხმიანობას, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. ქართული საგალობლები უნიკალური მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში და ეს არის მსოფლიო საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. მსურს, ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც შეინარჩუნა ეს უნიკალური სიმდიდრე მომავალი თაობებისთვის, ვინაიდან, საქართველოს ისტორიაში არსებობდა ისეთი პერიოდები, როდესაც მართლაც დიდი რისკის ქვეშ იდგა ამ უნიკალური საგანძურის შენარჩუნება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმინისტრის თქმით, დაიწყო სახელმწიფო პროგრამა, რომლის მიხედვითაც ქართულ ფოლკლორს და საგალობლებს საქართველოს მასშტაბით ყველგან შეასწავლიან.

მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ საჭიროა ქართული საგალობლების მეტი პოპულარიზაცია საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით, იმისათვის, რომ ის მომავალ თაობებს გადაეცეს.

მე-10 საუკუნის ჰიმნოგრაფიულ კრებულებში დაცული სამუსიკო ნიშნების – ნევმების – კვლევის შედეგების პრეზენტაცია ეროვნულ მუზეუმში გაიმართა. ნევმირებულ ძლისპირებბსა და მიქაელ მოდრეკილის იადგარში დაცულ ნევმურ სისტემას წლების განმავლობაში ანჩისხატის გუნდის წევრები მალხაზ ერქვანიძე და ზაალ წერეთელი იკვლევდნენ.