ხაშურში ბორჯომის ქუჩაზე თბილისის მხარეს არსებული შესასვლელიდან პოლიციის შენობამდე ახალი ღობეები გაკეთდება, ამის შესახებ პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერიამ დასამტკიცებლად უკვე გადაუგზავნა. აღნიშნული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
“იგეგმება ორ კილომეტრიანი ტროტუარისა და ღობეების მოწყობა, ასევე გაკეთდება ეზოებში შესასვლელი კარებებიც, რომლებიც ერთნაირი იქნება. ბორჯომის ქუჩაზე რამდენიმე ადგილას მოეწყობა სკვერი და რეკრეაციული ზონა. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და განაცხადების მიღება 11 აპრილს მთავრდება. სამუშაოები კი 6 თვეში უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა.
გურასპაშვილის თქმით, სამუშაოები ფეხით მოსიარულეებს პრობლემებს არ შეუქმნის. მისივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები შეთანხმებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტთანაც.