წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში 240 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის მშენებლობა იწყება.
როგორ მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, სოფელ წყალტუბოში საჯარო სკოლის არარსებობის გამო სკოლის მოსწავლეები სამ საცხოვრებელ სახლში არიან გადანაწილებული და მათ რთულ პრობებში უწევთ განათლების მიღება. ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ კი, სოფელ წყალტუბოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება, სადაც მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ამასთან, მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019-2020 წლებში 150 სკოლის მშენებლობასა და რეაბილიტაციას განახორციელებს. ამ ეტაპზე კი, ფონდს ტენდერი 35-მდე სკოლის მშენებლობა-პროექტირებაზე აქვს გამოცხადებული და გარდა ახალი სკოლების მშენებლობისა, მუნიციპალური განვითარების ფონდს 2019-2020 წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, დაგეგმილი აქვს ათეულობით სკოლის რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება.