ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაციისთვის 700 ათასამდე ლარი დაიხარჯება

696

გლდანის რაიონში, ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 672 400 ლარია.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მოსულიშვილის ქუჩაზე, სადაც გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი ამ დრომდე არ არსებობდა, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 9 200 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდება. ასევე,  დაახლოებით, 480 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, 6 400 კვ.მ ფართობზე კი, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

ამასთან, სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი. ასევე, აღდგება მწვანე ზოლი და სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება.

“ფორე მოსულიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პირველი, რაც კეთდება, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციები. ასევე, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, რომელიც ამ დრომდე არ არსებობდა. შემდეგი ეტაპი უკვე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება. აღნიშნულ ქუჩაზე სამუშაოები მაისის ბოლოსთვის დასრულდება. მსგავსი მასშტაბური სამუშაოები ყველა რაიონში მიმდინარეობს, რათა ის პრობლემები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს, ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა “ენკა“ აწარმოებს.