თბილისში ნიშნიანიძის ქუჩაზე N25-27 კორპუსებთან გზის რეაბილიტაცია დასრულდა

640

ზღვის უბანში ნიშნიანიძის ქუჩაზე N25-27 კორპუსებთან გზის რეაბილიტაცია დასრულდა.

როგორც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო. ასევე, 1 200 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო.

“აღნიშნული გზა 142-ე საჯარო სკოლის გვერდზე მდებარეობს, რომელსაც N25 და N27 კორპუსების მცხოვრებლების გარდა, ზღვის უბნის მე-3 მიკრორაიონის მე-3 და მე-4 კვარტლების მოსახლეობაც იყენებს. ამ ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურა ძალიან დაზიანებული იყო. ადგილობრივი მცხოვრებლები და სკოლის მოსწავლეები ახლა უკვე კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებენ“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ.

პროექტის ღირებულება 72 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.