ზუგდიდის თეატრის შენობის რეკონსტრუქცია სავარაუდოდ ზაფხულში დაიწყება

761

ზუგდიდის თეატრის ადმინისტრაცია შენობის რეკონსტრუქციის პროექტზე საბოლოო პასუხს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ელოდება. თეატრის დირექტორის, ზურაბ ეგუტიას თქმით, ის უკვე ესაუბრა ბიუროს უფროსს, რომელმაც უთხრა, რომ „90%-ით დღეს მორჩებიან ყველაფერს, ან მაქსიმუმ ხვალ გადმოუგზავნიან პროექტის საბოლოო ვერსიას“.

დეტალებზე თეატრის დირექტორი ჯერ არ საუბრობს, მათ შორის არც რეკონსტრუქციის ღირებულებაზე. მან „ლაივპრესს“ უთხრა, რომ პროცესი მიმდინარეობს, ამიტომ თანხის ზუსტ ან დაახლოებით მოცულობაზე ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის.

„ეს არის შენობის, მისი ფუნდამენტის, კედლების გაძლიერების პროექტი. თეატრის შუა ადგილი ინგრევა, სადაც დარბაზია განთავსებული. მის მაგივრად ახალი შენობა უნდა ჩაიდგას ამ ადგილას, თავისი სცენით და ყველაფრით“, – განმარტა ზურაბ ეგუტიამ.

მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოების შემდეგ თეატრს ორი – დიდი და მცირე დარბაზი ექნება. ზუსტი ოდენობა, თუ რამდენ მაყურებელზე იქნება ეს დარბაზები გათვლილი, არ იცის, თუმცა ამბობს, რომ ბევრად მეტზე, ვიდრე დღეს არის.

„როგორც კი გადმოგვეგზავნება საბოლოო პროექტი თეატრს, გადავუგზავნით კულტურის სამინისტროს და ფონდ „ქართუს“. ამის შემდეგ დაიწყება შემდეგი ეტაპი თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით“, – გვითხრა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბადრი წერედიანმა.

საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამნისტროში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ ზუგდიდის თეატრისგან პროექტის მიღების შემდეგ სარეკონსტრუქციო სამუშაოები მალე დაიწყება. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დიდი ალბათობით ეს ზაფხულში მოხდება.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯერ კიდევ თებერვალში „ლაივპრესს“ განუცხადა, რომ შენობის რეკონსტრუქცია სავარაუდოდ აპრილში დაიწყებოდა. თუმცა მისივე სიტყვებით, პროექტზე მუშაობა დროში გაიწელა, რადგან მასში ნებისმიერი ცვლილება ხელახალ ექსპერტიზას საჭიროებდა, და სწორედ ამ მიზეზით ვერ მოხერხდა ამ დრომდე სამუშაოების დაწყება.

ზუგდიდის თეატრის შენობა მძიმე მდგომარეობაშია. იმის გამო, რომ შენობაში ყოფნა სახიფათოა, აქ სპექტაკლები უკვე წელზე მეტია არ იმართება. 2018 წელს თეატრს 150 წელი შეუსრულდება.

წყარო: ლაივპრესი