ყვარელში 2 500 მაყურებელზე გათვლილი უეფა-ს მეორე კატეგორიის სტადიონი აშენდება, – ამის შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა 2019 წელს დაგეგმილი პროექტების წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, სტადიონის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს და მასზე, სავარაუდოდ, 4-დან 6 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
“უეფა-ს მეორე დონის კატეგორიის სტადიონი, რომელსაც “მუნიციპალური განვითარების ფონდი“ დააფინანსებს, ყვარლის ტბის და ედემის გზის მარჯვენა მხარეს აშენდება. აქ ადრე, 90-იან წლებშიც შენდებოდა სტადიონი, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ დასრულდა. ტერიტორიას აქვს კარგი სადრენაჟე სისტემა და ბუნებრივი კლიმატური პირობები. ვფიქრობთ, საუკეთესო ადგილია მსგავსი დონის სტადიონის ასაშენებლად“, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა .
სტადიონზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ტრიბუნები, საშხაპეები და გასახდელები მოეწყობა.
სესიაშვილის განცხადებით, სტადიონის პროექტირებაზე 170 ათასი ლარიის ღირებულების ტენდერი უკვე მიმდინარეობს. მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.