საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი დააკავეს

1603

საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი ქიმერიძე სავალდებულო სამსახურში გამოძახების გადავადებას მოქალაქეს 700 ლარის ქრთამის სანაცვლოდ სთავაზობდა. საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსმა მოქალაქისგან 700 ლარი აიღო. გიორგი ქიმერიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს.

გიორგი ქიმერიძე “ქართული ოცნების“ პარტიულ ღონისძიებებს აქტიურად ესწრებოდა. ის გამგეობის სამხედრო განყოფილებაში ჯერ შტატგარეშე თანამშრომლად დაასაქმეს და ასრულებდა კონსულტანტის მოვალეობას, 2015 წელს კი კონკურსის წესით სამხედროს სამსახურის განყოფილების უფროსად დაინიშნა.

საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების უფროსის დაკავებაზე თანამშრომლებმა  კომენტარი არ გააკეთეს. თავდაპირველად კი დაკავების ფაქტი დამალეს და განაცხადეს, რომ გიორგი ქიმერიძე ობიექტურ მიზეზების გამო სამსახურში ვერ გამოცხადდა.

“არ გპასუხობთ. გთხოვთ, მუშაობაში ხელს ნუ შეგვიშლით“ – საბურთალოს გამგეობის სამხედრო განყოფილების თანამშრომლები სამხედრო სავალდებულო სამსახურის სისტემაში არსებულ სავარაუდო კორუფციაზე კომენტარს არ აკეთებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.