დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნული თანამდებობა ზვიად შალამბერიძემ დაიკავა. იგი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებს, ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სფეროებს გაუწევს კურირებას.
ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის საკურატორო სფეროში შედის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ქონებრივი საკითხები.
ზვიად შალამბერიძე დღემდე შპს “ფრეგოს“დასავლეთ საქართველოს რეგიონული მენეჯერი იყო. ასევე, მუშაობდა ხელმძღვანელ პოზიციებზე სს “დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოში” და სს “ჯი პი აი ჰოლდინგში“. გარდა ამისა იყო ფინანსური ანალიტიკოსი გაეროს განვითარების პროგრამის “საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის შესაძლებლობათა ზრდა“.
ვიცეგუბერნატორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ დალაქიშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.