ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მეუღლე ნანა თოდუა შესაბამის უწყებებს პატიმრობაში მყოფი ქმრის, ლაშა გოგიასა და ოჯახის უსაფრთხოების დაცვას სთხოვს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც ნანა თოდუამ განაცხადა, ლაშა გოგიაზე ზეწოლა მიმდინარეობს. ამის საფუძველს კი, როგორც მან აღნიშნა, მეუღლის მიერ ციხიდან გამოგზავნილი შეტყობინება აძლევს. ტექსტის შინაარსის გასაჯაროებისგან თოდუა თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ის ანდერძს ჰგავდა.
“დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით ჩუმად. ახლა აივსო მოთმინების ფიალა. სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას ვაგრძელებთ და გაჩუმებას არ ვაპირებთ. ვფიქრობ, რომ საფრთხე გვემუქრება ყველას – ლაშასაც და ჩემს შვილებსაც, იმედია, მათ თმის ღერი არ ჩამოუვარდებათ. ლაშასგან მივიღე წერილი. არ მინდა შინაარსზე ვისაუბრო, თუმცა ეს ჰგავდა ანდერძს. მე თუ რამე მომივიდა… არ გავაგრძელებ. რას უნდა ნიშნავდეს, თუ არა საფრთხეს. მე მოვუწოდებ ყველას, რომ გამოიძიონ ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდებ, . გამოიძიონ რა ფული ჰქონდა ლაშას მერობამდე და მერობის შემდეგ”, – აღნიშნა მან.
თოდუამ “ფეისბუქის“ გვერდზე პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ის ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს და სავარაუდო საფრთხეებზე საუბრობს. თოდუა ლაშა გოგიას დაკავებასა და მის გარშემო განვითარებულ მოვლენებს მაჟორიტარ დეპუტატს ედიშერ თოლორაიას უკავშირებს.
ძვირფასო მეგობრებო ვისაც ჩვენი ოჯახის გადარჩენა გსურთ გთხოვთ გააზიაროთ! მას შემდეგ რაც ლაშამ გადაწყვიტა ბრძოლა…
Posted by Nana Todua on პარასკევი, 22 მარტი, 2019
შეგახსენებთ, რომ ლაშა გოგიას და გია გულორდავას დაკავების შესახებ სუს-ში 1 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი ინფორმაციით, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ მოქალაქეს ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა – 21 500 აშშ დოლარი მოსთხოვეს. შეთანხმების მიხედვით, 11 500 ლარი განკუთვნილი იყო გულუას პარკის, 10 500 ლარი კი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის.
დეკემბერში ამავე საქმეზე მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხოლო მოქალაქე ხუტა ბაღათურია ცრუ ჩვენებისთვის დააკავეს.
ზუგდიდის ყოფილი მერის ადვოკატის თქმით, ლაშა გოგია ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს და ბევრი რამის თქმას აპირებს.
ამასთან, ცნობილია, რომ ამ ეტაპზე, ზუგდიდის ყოფილ მაღალჩინოსნებს პროკურატურა საპროცესო გარიგებას არ გაუფორმებს.