ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის მერისა და გამგებლების ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქეების შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა, რომ ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის (თემქის) მე-10 კვარტალში, N22 საბავშვო ბაღის წინ, ავტოსადგომად ქცეულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა და სპორტული სივრცე მოეწყობა.
“აღნიშნული ტერიტორია ავტოსადგომად არის გადაქცეული. მოსახლეობა ითხოვდა, სარეკრეაციო ზონა აღდგენილიყო. ეს სივრცე რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა – მოეწყობა სკვერი ახალი LED განათებებით და სარწყავი სისტემით. ასევე, გაკეთდება კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები ტრიბუნებით. მოსახლეობის მოთხოვნით და მათთან შეთანხმებით, შევინარჩუნებთ საპარკინგე ზონას, რომელიც უფრო კეთილმოწყობილი იქნება. დაახლოებით, 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობამდეა აღნიშნული ტერიტორია და თემქაზე, 22-ე საბავშვო ბაღის წინ ძალიან კარგი დასასვენებელი სივრცე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
პროექტის განხორციელება შესაბამისი ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება. ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 217 000 ლარს გამოყოფს.