თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესების შემთხვევაში, შესაძლებლობა მიეცემათ, რომ ავარიული კორპუსებისა და დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტების ნაცვლად, უფრო მაღალი შენობა-ნაგებობები ააშენონ.
კალაძის თქმით, დედაქალაქში სხვადასხვა ხარისხის ავარიული შენობა-ნაგებობებია, ამიტომ K2 კოეფიციენტის ყიდვის გაუქმების პარალელურად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც ავარიული სახლებისა და დაუსრულებელი მშენებლობების ჩანაცვლების შემთხვევაში, ითვალისწინებს შენობების სიმაღლის მატებას.
“თქვენ იცით, რომ K2 კოეფიციენტის ყიდვა გავაუქმეთ, ასევე, მიღებული იქნა ახალი გენერალური გეგმაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ავარიული სახლების, მათ შორის, ავარიული :ხრუშჩოვკების“, ასევე, დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების შემთხვევაში, ჩვენ მივცემთ მშენებლებს შესაძლებლობას, რომ დაშალონ ეს შენობა-ნაგებობები, წავიდნენ სიმაღლეში და მაქსიმალურად ჩანაცვლდეს ასეთი სახლები.
ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რადგან ავარიული სახლების გარდა, გვაქვს დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები, რომელთა რიცხვი 170-ზე მეტია და ისინი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ანტისანიტარიის თვალსაზრისით, ვიზუალურად და ადამიანები წლების განმავლობაში ელოდებიან თავიანთ საცხოვრებელ ფართებს. თუ იქნებიან დაინტერესებული სამშენებლო კომპანიები, მათ მივცემთ შესაძლებლობას, ეს ადამიანებიც დააკმაყოფილონ და მათთვის ბიზნესის თვალსაზრისით საინტერესო იყოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.