თბილისში K2 კოეფიციენტების გაყიდვა აიკრძალება

770

“აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში.

“ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან იქნა დამკვიდრებული, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. ჩვენი დღის წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები. ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ წლების განმავლობაში კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას, ქაოტური განაშენიანების პროვოცირებას. ერთ წელზე მეტია, რაც შევუდექით საქმიანობას და K2 კოეფიციენტის ინსტრუმენტს დიდი სიფრთხილით ვუდგებოდით, თუმცა, ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ, სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები. როგორი ინოვაციური და მასშტაბური პროექტებიც არ უნდა განვახორციელოთ მომავალში, იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა, თუ ამის პარალელურად ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი. ეს გადაწყვეტილება არის დასაწყისი. ჩვენ ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სამართლებრივ ჩარჩოს უზრუნველვყოფთ თბილისის სწორად განვითარებას”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.