ახალციხის მერის “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ“ ხმათა უმრავლესობით, თავმჯდომარის პოზიციაზე “სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის” დირექტორი ნინო რუხაძე აირჩია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ამასთან, დღეს მერიაში “სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ სხდომაც გაიმართა, სადაც “დემოკრატ მესხთა კავშირის“ თავმჯდომარემ გია ანდღულაძემ ახალციხის სტრატეგიული განვითარების გეგმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გარდა აღნიშნულისა, კიდევ რა საკითხები დაისვა სხდომზე უცნობია, რადგან მერმა შეხვედრის ნაწილი დახურა:
“დღევანდელი შეხვედრა შიდა საორგანიზაციოა, დღეს უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ როგორ უნდა იმუშაოს საბჭომ, როდესაც შევთანხმდებით, ამის შესახებ მიიღებს მედია ინფორმაციას. იდეებს წარმოვთქვათ და ამის გაშუქება არ მგონია სწორი“, – განაცხადა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემ.
საბჭოს ფუნქციონირების მიზანი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის გააქტიურებაა და მასშში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესსექტორის, ასევე, განათლებისა და კულტურის სფერობის წარმომადგენლები არიან გაერთიანებული.