2017 წლის 15 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა თელავის, გორის, მცხეთის, ახალციხის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და ამბროლაურის სათემო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების გაერთიანებას.
პარლამენტის გადაწყვეტილებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე, 15 მაისს, თელავის საკრებულომ მიიღო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილი „ქალაქ თელავისა და თელავის მუნიციპალიტეტების გაერთიანებისა და ახალი მუნიციპალიტეტის შექმნასთან დაკავშირებით“. მთავრობის ამ შეთავაზების მიზეზად 2014 წელს გატარებული უშედეგო რეფორმა დასახელდა. წერილში აღნიშნული იყო, რომ მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ქალაქად და სათემო მუნიციპალიტეტად გაყოფას ადმინსტრაციული ხარჯების ზრდა მოჰყვა. მუნიციპალიტეტების გაერთიანება კი, ამ ხარჯებს შეამცირებს.
წერილის მიღებიდან სამი დღის შემდეგ, თელავის სათემო მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა გიორგობიანმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, 19 მაისს დაინიშნა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც ყველა წარმომადგენელი საკუთარი აზრის დაფიქსირებას შეძლებდა.
2014 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”. რეფორმის პირველ ეტაპზე მოხდა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის გაზრდა და მერების/გამგებლების პირდაპირი წესით არჩევა. ეს ცვლილებები დადებითად შეაფასეს ევროსაბჭომ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა. გაჩნდა იმედი, რომ თვითმმართველობა ინსტიტუციურად კიდევ უფრო მეტად განმტკიცდებოდა.
სამი წლის განმავლობაში 2014 წელს გაყოფილი ყველა თვითმმართველი ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ფაქტზე მეტყველებს საკრებულოს სხდომაზე თელავის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, პაატა გიორგობიანის მიერ დასახელებული ციფრებიც: „ეს რეფორმა არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი, წარმატებული ნაბიჯი, რომელმაც შექმნა დეცენტრალიზაციისა და დემოკრატიის მყარი საფუძველი. განვლილი 3 წლის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ თვითმმართველობის რეფორმა დადებითად აისახა როგორც ქალაქის, ისე სოფლის მოსახლეობის კეთილდღეობაზე. კერძოდ, გაყოფამდე ბიუჯეტი იყო 7347,2 ლარი, გაყოფის შემდეგ, 2015 წელს, თემის ბიუჯეტი 11 108,7 ლარი, 2016 წელს კი ბიუჯეტის ოდენობა 12 602, 910 ლარი გახდა“.
საკრებულოს წევრები იმასაც აღნიშნავენ, რომ რეფორმის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა საკუთარი შემოსავლები. თუ მუნიციპალიტეტების გაყოფამდე თელავის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები 2799,7 ლარი იყო, გაყოფის შემდეგ, 2015 წელს თელავის თემის მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლები 3151,1 ლარი გახდა, 2016 წელს კი – 5 241 420 ლარი. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მხოლოდ მცირედით გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები.
პაატა გიორგობიანის განცხადებით, გაკეთდა უამრავი კეთილი საქმე, გადაიჭრა ისეთი პრობლემები, როგორიცაა, ნაგვის ორგანიზებული გატანა-დახარისხება, ძირითადი გზების შეკეთება-მოასფალტება, სოფლებში წყალმომარაგების რაოდენობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესება, აშენდა მძლეოსნობისა და ჭიდაობის ევროსტანდარტების შესაბამისი დარბაზები, შეკეთდა სტადიონები; თუმცა, არის საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ მწვავე პრობლემად რჩება. მაგალითად, გადაუდებელი დახმარების ცენტრების აშენება, სასაფლაოების დასუფთავების საკითხი და სხვა.
თელავის სათემო მუნიციპალიტეტისა და ქალაქ თელავის გაერთიანების წინააღმდეგი იყვნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები, რომელთანაც არც საკრებულოს და არც რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას, რომელსაც კანონი მოსახლეობასთან კონსულტაციას ავალდებულებს, საკითხის საჯარო განხილვა არ ჩაუტარებიათ.
მიუხედავად ოფიციალური სტატისტიკისა, თელავის თემის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წარმომადგნლებმა მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი მაინც დაუჭირეს, ისევე, როგორც ქალაქ თელავის საკრებულომ, რომელმაც მანამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს მთავრობას ოფიციალური წერილით მიმართა და სთხოვა, ეს ორი მუნიციპალიტეტი არ გაეერთიანებინათ. ფრაქცია ,,ძლიერი მუნიციპალიტეტის“ წევრები ოლქებისთვის ბიუჯეტის დამოუკიდებლად მოხმარების შესაძლებლობას ემხრობოდნენ. სხდომაზე დამსწრე დანარჩენმა პირებმაც აღნიშნეს, რომ გაერთიანება, გარდა იმისა, რომ ხელს შეუშლის მოქალაქეთა ჩართულობას, გამოიწვევს საშტატო ერთეულების გაუქმებას, რაც ძალიან მტკივნეულად აისახება კონკრეტულ ადამიანებსა და მათი ოჯახების ბედზე.
მსჯელობას კენჭისყრის პროცედურა მოჰყვა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ კენჭისყრისას სხდომაზე მყოფი 29 დეპუტატიდან თვრამეტმა ქალაქ თელავისა და თელავის თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 6, მონაწილეობაზე უარი თქვა 4-მა, ხოლო ერთმა დეპუტატმა დარბაზი დატოვა.
ადგილობრივი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმება და თელავის თემის მუნიციპალიტეტთან გაერთანება ქვეყნის დეცენტრალიზაციისა და განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად აღიქმება. მიუხედავად იმისა, რომ თელავის თემის ხელმძღვანელობას თითქმის ყველა შეხვედრაზე შესთავაზეს ოპტიმიზაციის საკითხი მოსახლეობის ჩართულობით განხილულიყო, საკრებულომ პირველივე შანსი გამოიყენა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადებას, ქალაქ თელავისა და თელავის მუნიციპალიტეტების გაერთიანების თაობაზე, მხარი დაუჭირა.
ფაქტია, რომ პროცესში, რომელიც ხელისუფლებამ 1 თვეში დაიწყო და დაასრულა კიდეც, მოსახლეობა არავის ჩაურთავს. არც ცენტრალურ და არც ადგილობრივ ხელისუფლებას არ უკითხავს აზრი თელავის თემის მუნიციპალიტეტის 38 721 და ქალაქ თელავის 19 629 მოქალაქისთვის, რომელმაც გაყოფის შედეგი საკუთარი სოფლებისა თუ ქალაქის მაგალითზე თვალნათლივ ნახა. გაყოფილი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები და გაზრდილი შემოსავლები კი მხოლოდ და მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ „უშედეგო რეფორმას“ რეალური შედეგები მოჰყვა.