ნინოწმინდაში პროდუქტი ქუჩებში აღარ გაიყიდება, მერია გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით ქალაქში დახურული ტიპის აგრარულ ბაზარს ააშენებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
აგრარული ბაზრის მშენებლობისთვის ნინოწმინდის მერიამ ტენდერი 191 000 ლარზე გამოაცხადა. ამ დრომდე, ქალაქში სხვადასხვა პროდუქტი ქუჩებში, სხვადასხვა ადგილზე იყიდება.
“ბაზრის მოწყობით ვაჭრობა არალეგალური ადგილებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავა. წლებია რაც ქალაქს აგრარული ბაზარი არ აქვს და ჩვენი მიზანია, რომ ხალხი კონკრეტულ ობიექტში ლეგალურად ვაჭრობდეს“, – ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი.
ბაზარი ნინოწმინდაში პუშკინის ქუჩის მიმდებარე აშენდება. საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, ბაზრისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი საპირფარეშო, საწყობი, ხორცის სავაჭრო პავილიონი და შადრევანი მოეწყობა. ტენდერში განაცხადების მიღება 27 მარტამდე გაგრძელდება. ბაზრის მშენებლობა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთ თვეში დასრულდება.