მთაში მუშაობის მსურველ პედაგოგს, შესაძლოა, მიწის ნაკვეთი და პირუტყვი გადასცენ

1052

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე ინიციატივის შესახებ გახდა ცნობილი, რომლებსაც ჯერ საკანონმდებლო სახე არ აქვს. ინფორმაციას edu.aris.ge ავრცელებს.

კონკრეტულად, მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგების პრობლემებზე საუბრის დროს, დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია მასწავლებლების გადამზადება, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ რამდენიმე საგანი ასწავლონ.

ნუკრი ქანთარიას თქმით კი, მალე განხორციელდება იდეა, რომლის თანახმადაც მთაში სამუშაოდ წასულ პედაგოგს, სარგებლობაში გარკვეული ქონება უნდა გადაეცეს, რომელიც შემდეგ მისი საკუთრება გახდება.

“განათლების სამინისტროში უკვე არის აზრი, რომ მთაში წასულ მასწავლებელს ჰქონდეს გადამზადება რამდენიმე საგანში. მასწავლებელი ასწავლის არა ერთ საგანს, არამედ, რამდენიმე საგანს. მაგალითად გეოგრაფიას, ისტორიას, ქართულს ან ფიზიკას; მათემატიკას, ბიოლოგიას. ასეთი მიმართულება ისედაც არის არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მთელს მსოფლიოში, რომ ასე ერთობლივად, რამდენიმე საგნის სწავლებას თავის პრიორიტეტი აქვს. ამ მხრივ არის მიმართულება, რომ ასეთი ტიპის მასწავლებლები მომზადდეს. ასევე, მომხრე ვარ იმის, რომ მასწავლებელს, რომელსაც არა აქვს შესაძლებლობა სკოლაში ქონდეს სრული დატვირთვა თუ შეიძლება განვსაზღვროთ ის, რომ ერთი საათის ჩატარებისთვის, თუ მაგალითად ბარში არის 20 ლარი, მთაში იყოს – 30 ლარი“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

რაც შეეხება ნუკრი ქანთარიას განცხადებას, მისი თქმით, სამინისტროში ჰქონდა საუბარი, რომ სოფლად და მთაში წასული პედაგოგები წაახალისონ.

“ასეთ ვარიანტზეც გვქონდა მსჯელობა, რომ მასწავლებელი სოფლად და მაღალმთიან რეგიონში თუ ჩავა, მას მივცეთ კარმიდამო, მივცეთ ნაკვეთი და პირუტყვი, რომ ასე თუ ისე, მას ჰქონდეს ეს ყველაფერი და რამდენიმე წლის მერე გადავიდეს პირად საკუთრებაში, ეს ინიციატივა იყო, გვქონდა საუბარი ამაზე და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს საქმეში გადავა. ამაზე გვქონდა საუბარი მინისტრთან და მიდის ამაზე ფიქრი“, – თქვა ნუკრი ქანთარიამ.