სენაკში ნოქალაქევის კომპლექსის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი იწყება

753

სენაკში ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური კომპლექსის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ლაივპრეის ავრცელებს.

რეკონსტრუქციის ფარგლებში ახალი ბაღის მოწყობა – დეკორატიული, სამკურნალო მცენარეების მოშენება, შნაიდერის კოშკის და გალავნის კედლის ფრაგმენტის საკონსერვაციო სამუშაოები და კოშკისკენ მიმავალი ბილიკის მოწყობა იგეგმება.

ასევე, დაგეგმილია ორი მულტიფუნქციური მსუბუქი შენობის მონტაჟი, ახალი მოაჯირის გაკეთება ხიდის მიმდებარედ, წყალ-კანალიზაციისა და ხანძარქრობის ქსელის მოწყობა და სხვა სამუშაოები.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 225 000 ლარია.

სამუშაოები მიმდინარე წლის 15 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებული გალავნის და კომპლექსში შემავალი თითოეული ობიექტის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები 2016-2017 წელს ჩატარდა. შარშან კი ტერიტორიის კეთილმოწყობას პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო, რომლის გაგრძელებაა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიერ გამოცხადებული ეს შესყიდვაც.

მთლიანობაში მუზეუმ-ნაკრძალის რეკონსტრუქციისთვის 14 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს სრულად საქართველოს მთავრობა აფინანსებს. პროექტის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.