მესტიის ლაღამის უბანსა და უშგულის თემის სოფლებში სვანური კოშკების რეკონსტრუქცია იგეგმება. აღდგენის პროექტის შედგენაზე მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 500 000 ლარია. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ლაღამი მესტიის ერთ-ერთი ისტორიული უბანია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების განსაკუთრებული სიმრავლით გამოირჩევა და სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მას მაქსიმალურად აქვს ისტორიულ-ურბანული სახე შენარჩუნებული.
ლაღამის უბანში ერთი ეკლესიის, 11 სვანური კოშკის, 6 მაჩუბის, 36 ფონური საცხოვრებელი სახლისა და 14 სამეურნეო ნაგებობის რეკონსტრუქცია იგეგმება და როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, ძეგლებზე მუშაობისას მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ ადგილობრივი ტრადიციული მასალა.
რაც შეეხება უშგულის თემს, აქ 20 კოშკის აღდგენა იგეგმება. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მიზანი ამ ადგილების ტურისტულად მიმზიდველ სივრცეებად ქცევაა.