ბორჯომის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ხუთი ხიდის ნაცვლად რეაბილიტაცია მხოლოდ ორს ჩაუტარა. შპს “დია სერვისი“ ხელშეკრულების პირობების დარღვევის და ვადაგადაცილების გამო დაჯარიმდა. ინფორმაციას სახმრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს “დია სერვისთან“ ხელშეკრულება 114 830 ლარზე, 2018 წლის სექტემბერში გააფორმა. კომპანიას რეაბილიტაცია ხუთი ხიდისთვის უნდა ჩაეტარებინა, ესენია: ბორჯომის ე.წ. დიდ ხიდი, სოფელ ყვიბისის ორი ხიდი, დაბა ახალდაბის და რველში ბანიხევის დასახლებაში მდებარე ხიდი.
როგორც ბორჯომის მერიაში განმარტეს, კომპანიამ მხოლოდ ყვიბისში მდებარე ორ ხიდს ჩაუტარა რეაბილიტაცია, მესამე, ბორჯომის ე.წ. დიდ ხიდზე კი სამუშაოები ბოლომდე არ მიიყვანა.
“ხელშეკრულების დარღვევის გამო მას დაეკისრა ჯარიმა 1 124 ლარი ვადა გადაცილების გამო და 1 248 ლარი პირგასამტეხლო. მუნიციპალიტეტისაგან შესრულებული სამუშაოებისათვის მიღებული აქვს 23 437 ლარი“,- აცხადებენ ბორჯომის მერიაში.
რაც შეეხება ბორჯომის ხიდის შეჩერებულ რეაბილიტაციას, თვითმმართველობაში ამბობენ, რომ აქ ასფალტო-ბეტონია დასაგები: “მცირე მონაკვეთზე დარჩენილია ასფალტო-ბეტონის მოწყობა, რასაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საკუთარი ძალებით მოაწყობს“.
ახალდაბის და რველის ხიდების რეაბილიტაციისთვის კი თვითმმართელობამ ტენდერით ახალი კომპანია შეარჩია. სამუშაოებს შპს “ნიკა“ 67 382 ლარით შეასრულებს, მასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის თებერვალში გაფორმდა.