ქუთაისის მერიის ა(ა)იპ-ის ყოფილი უფროსი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

735

წინა სტატია

ა(ა)იპ “სპეციალური სერვისების” ყოფილი უფროსი გელა გაგუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გაგუას მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურს, თუმცა, გამოცემა “ქუთაისპოსტთან” საუბარში განაცხადა, რომ ბრალს არ აღირებს.

“რა თქმა უნდა ბრალს არ ვაღიარებ. გამოძიება გრძელდება და გაირკვევა ყველაფერი”, – ამბობს გელა გაგუა.

შეგახსენებთ, რომ “სპეციალური სერვისების” ყოფილი უფროსი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით ერთი თვის წინ დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2017 წელს მერიის ა(ა)იპ-ის მიერ ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობის დროს 250 086 ლარი არამიზნობრივად დაიხარჯა. სამუშაოები კი პროექტის გარეშე, უხარისხოდ შესრულდა, რის გამოც, საჭიროა სანიაღვრე სისტემის სრული დემონტაჟი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გელა გაგუას 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასათიანის ქუჩაზე “სპეციალურმა სერვისებმა” სანიაღვრე არხი 2017 წელს მოაწყო, რისთვისაც ორგანიზაციამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 315 000 ლარი მიიღო.  რატომ გადასცა ეს უფლება ქუთაისის მერიამ მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციას და არა ტენდერის გზით შერჩეულ კომპანიას, ამაზე კითხვები იმთავითვე გაჩნდა, თუმცა, ადგილობრივმა ხელსიუფლებამ მაშინ თავი იმით იმართლა, რომ სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა, რის გამოც, მერია იძულებული გახდა სამუშაოების შესრულება ააიპისთვის დაევალებინა.

ასათიანის ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაგუამ თანამდებობა დატოვა, ახალმა ხელმძღვანელმა, ზვიად მანდარიამ კი შესაბამისი დოკუმენტები პროკურატურას გადაუგზავნა.