მუნიციპალური განვითარების ფონდს ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაციაზე ტენდერი ამ დრომდე არ გამოუცხადებია. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ფონდის დირექტორმა გიორგი შენგელიამ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, 20 ნოემბერს ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “საქმიანი დილა” განაცხადა, რომ ნოემბრის ბოლოს ტენდერი საპროექტო დოკუმენტაციაზე გამოცხადდებოდა, რის შემდეგაც სამუშაოები მეორე ეტაპზე გადავიდოდა.
არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, 22 ნოემბერს გიორგი შენგელია ქუთაისში ჩავიდა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ უშუალოდ ადგილობრივებს უამბო. მისი თქმით, რიონისპირა სახლების პროექტირებაზე მუშაობა 2018 წელს დაიწყებოდა.
მიუხედავად დაპირებისა, ამ დრომდე ტენდერი გამოცხადებული არაა, თუმცა რიონისპირა სახლების დავით კაკაბაძის სახლეობის გალერეასთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის 2019 წელს დაგეგმილ პროექტებს შორის მოხვდა.
ფონდის ინფორმაციით, პროექტის შეძენაზე ტენდერი წელს გამოცხადდება, პროექტის შეძენის შემდეგ კი, სამუშაოების დაწყება 2020 წლიდან იგეგმება. ამ დროის მონაცემებით, რეაბილიტაცია რიონის სანაპიროზე 19 სახლს ჩაუტარდება.
რაც შეეხება დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციას, აქ შენობისათვის მესამე სართულის დამატება და შიდა ეზოს მხარეს დამატებითი ფართის აშენება იგეგმება, განახლებული ფასადი კი რუსთაველის მხარეს მოეწყობა.