რიჟვაძე: ბათუმის ბულვარი “გარემოს საგანმანათლებლო ფონდთან“ თანამშრომლობას იწყებს

826

ბათუმის ბულვარი მსოფლიოში აღიარებულ „გარემოს საგანმანათლებლო ფონდთან“ თანამშრომლობას იწყებს, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

აჭარის მთავრობისინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დანიელ შაფერმა დღეს ბათუმში პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის კუთხით განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია.

“ბოლო პერიოდში ბათუმის ბულვარს ბევრი სიახლე და ინოვაცია აქვს, რაც მისასალმებელია. დღევანდელი დღეც არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლის საფუძველზეც ჩვენი ბულვარი შეძლებს იყოს საერთაშორისო სტანდარტების. ბათუმის ყველა სტუმარი იყოს ბედნიერი იმ სტანდარტებით, რომელიც აქ იქნება დანერგილი. ამიტომ, დიდ ყურადღებას დავუთმობთ პროცესს, რომელიც დაწყებულია “ლურჯი დროშის“ სერტიფიცირების თვალსაზრისით და რაც უზრუნველყოფს რეგიონის მდგრად განვითარებას“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, “გარემოს საგანმანათლებლო ფონდი“ მსოფლიოს მასშტაბით 73 ქვეყანაში ახორციელებს პროექტებს, რომელებიც ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შექმნას, ბუნებრივი რესურსების დაცვას და გარემოს მდგრად განვითარებას ემსახურება.

“რეგიონისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამები ტურიზმის სფეროს შეეხება, ესენია “მწვანე გასაღების“ და “ლურჯი ალმის“ პროექტები, რომლებიც დღეს მსოფლიოში დიდი წარმატებით სარგებლობენ და გარემოს მდგრად განვითარებასთან ასოცირდებიან. “ლურჯი ალმის“ ნიშანი (Blue Flag) მსოფლიოში ყველაზე აღიარებული ნებაყოფლობითი ეკოლოგიური ნიშანია, რომლებიც პლაჟებს, იახტებს და სანაოსნო ტურიზმის ოპერატორებს ენიჭებათ. “ლურჯი ალმის“ მოპოვებისთვის აუცილებელია ეკოლოგიის, განათლებისა და უსაფრთხოების მიმართულებით მკაცრი კრიტერიუმების დაცვა”, – ნათქვამია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც აჭარის მთავრობაში განმარტავენ, პრეზენტაცია/ტრენინგი ხელს შეუწყობს როგორც საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, ისე სამომავლოდ, ბათუმის ბულვარის ჩართვას გარემოს დაცვის მიმართულებით მსოფლიოში აღიარებულ პროექტებში.