ქუთაისის მერმა არასამთავრობო სექტორს გასული წლის ანგარიში წარუდგინა

759

ქუთაისის მერმა გასული წლის ანგარიში ქუთაისის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს წარუდგინა.

როგორც მერიაში განმარტავენ, “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე, გიორგი ჭიღვარიამ გასულ წელს განხორციელებულ და მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

“გასულ წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. დაიგო არაერთი გზა, განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის ქუჩა, რომელიც ევროპული სტანდარტებით მოვაწყვეთ.  წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის ქვეკონტრაქტორი კომპანიის გამო შეფერხებები გვაქვს ქუჩებზე და სამუშაოები ვადებში ვერ სრულდება. ასათიანის ქუჩაც პრობლემატური იყო წლების განმავლობაში და თავიდან მოგვიხდა დაპროექტება. გასულ წელს 11 მილიონი ლარი მივიღეთ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ვმუშაობთ, რომ თანხა გავზარდოთ”-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მათივე ინფორმაციით, გიორგი ჭიღვარიამ ანგარიშის წარდგენისას  ყურადღება იმ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდთან და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ერთად. კერძოდ,  ესენია რიონისპირა სახლების და დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი გალერეის რეაბილიტაცია.