სოფლის გაძლიერება საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. საქართველოს მოსახლეობის 42% სოფლად ცხოვრობს, ხოლო 48% სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. შესაბამისად, ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერება და ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გაზრდა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას და ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას შეუწყობს ხელს.
ევროკავშირი 2013 წლიდან ეხმარება საქართველოს სოფლად სიღარიბის დაძლევაში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამით (ENPARD). 2015 წელს, სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირების და სოფლად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ENPARD-მა სოფლის განვითარების საპილოტე პროექტების განხორციელება ლაგოდეხში, ბორჯომსა და ყაზბეგში დაიწყო, რაც 2016 წელს კიდევ ხუთ ახალ მუნიციპალიტეტში გაგრძელდა. პროექტები ევროპულ საუკეთესო პრაქტიკას, LEADER მიდგომის პრინციპებს ეფუძნება, რაც სოფლის გაძლიერებისთვის ადგილობრივი სტრატეგიების ჩამოყალიბებას, რესურსების მიზნობრივ განაწილებას და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) დახმარებით მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. აღნიშნული პროექტების ფარგლებში, ევროკავშრმა დღემდე 85 ადგილობრივი განვითარების ინიციატივა დააფინანსა, მათ შორის სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური, ინფრასტუქურული და გარემოს დაცვითი მიმართულებით. აღნიშნული ბიზნეს ინიციატივები 1000-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს ასაქმებს და 54,000-ზე მეტ სოფლად მცხოვრებ ადამიანს გაუმჯობესებულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს.
2017 წლის 27 მარტიდან 21 აპრილამდე, შედეგების შემფასებელმა დამოუკიდებელმა მისიამ (ROM), ევროკავშირის მხარდაჭერის შესწავლის მეთოდოლოგიის თანახმად, ლაგოდეხის, ბორჯომის და ყაზბეგის სოფლის განვითარების პროექტების საველე ტექნიკური შეფასება აწარმოა. მონიტორინგის მისიის მიზანს წარმოადგენდა პროექტების შესრულების შეფასება, ROM-ის მიერ განსაზღვრული ძირითადი კრიტერიუმების თანახმად: ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების შესაბამისობა, ეფექტიანობა, ეფექტურობა და მდგრადობა. პროექტების შესწავლის შედეგად, მისიამ ევროკავშირის დელეგაციას წარუდგინა დასკვნები და რეკომენდაციები, რაც პროექტების შესრულების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
შედეგების შემფასებელი მისიის ძირითადი რეკომენდაციებია:
- შეიქმნას სოფლის განვითარების სექტორში ჩართულ პირთა შეხვედრების ცალკე ფორუმი, რათა უზრუნველყოფილ იქნას მჭიდრო თანამშრომლობა, ეფექტიანი კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა სოფლის განვითარების მიმდინარე აქტივობების შესახებ;
- მომზადდეს საქართველოში LEADER-ის მე-2 ეროვნული სამუშაო შეხვედრა 2017 წლის შემოდგომისთვის;
- ჩატარდეს მიმდინარე საპილოტე პროექტების LAG-ების სტრუქტურების ტექნიკური შედარების კვლევა და მომზადდეს შესაბამისი სახელმძღვანელო, რომლითაც მომავალში საქართველოს მუნიციპალიტეტებში დასანერგად LAG-ის საუკეთესო მოდელი განისაზღვრება;
- დამატებით განიმარტოს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) როლი (რომელიც სოფლის განვითარების სექტორში პოლიტიკის შემუშავების და ინსტიტუციონალური გაძლიერების პროცესს უძღვება) LEADER-ის პროექტების განხორციელების და LAG-ების ეროვნული პლატფორმის ჩამოყალიბების კუთხით.
აღნიშნული რეკომენდაციების შესასრულებლად პროექტები აქტიურად მუშაობენ და მჭიდროდ თანამშრომლობენ ევროკავშირის დელეგაციასთან, მთავრობასთან, UNDP-თან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
შესაბამისობის კუთხით, სამივე პროექტი შეფასდა დადებითად, საქართველოს სოფლის განვითარების პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაში. შემფასებელი მისიის თანახმად, პროექტები ამართლებენ საკუთარ მიზნებს. ისინი სრულად მიყვებიან ევროპული LEADER-ის მოდელს, ნერგავენ სოფლის განვითარების ქვემოდან-ზემოთ მიმართულ თანამონაწილეობრივ მიდგომას, ითვალისწინებენ სამიზნე ჯგუფების და ბენეფიციარების საჭიროებებს, პროცესში რთავენ ყველა დაინტერესებულ მხარეს და უზრუნველყოფენ LAG-ის წევრების მოვალეობების სათანადოდ შესრულებას.
პროექტები დადებითად შეფასდა ეფექტიანობის თვალსაზრისითაც. შემფასებელი მისია აღნიშნავს, რომ LAG-ები სამივე მუნიციპალიტეტში ადეკვატურად წარმოადგენენ საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორებს, მასთან, უზრუნველყოფენ ადგილობრივ ხელისუფლებებთან თანამშრომლობას და პარტნიორობას. გარდა ამისა, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიები (LDSs) სამივე შემთხვევაში კარგად ასახავს პრიორიტეტებს, საჭიროებებსა და მუნიციპალიტეტების პოტენციალს. სტრატეგიები ადგილობრივი ქვე-საგრანტო პროცესისთვისაც კარგი სახელმძღვანელო დოკუმენტებია. ამასთან, მცირე საგრანტო სქემები სამივე მუნიციპალიტეტში კარგადაა მომზადებული და ასევე შესრულებული, ადგილობრივი სტრატეგიების მიზნებისა და პრიორიტეტების შესაბამისად.
რაც შეეხება მდგრადობას, შემფასებელი მისია ადგენს, რომ მიმდინარე პროექტები და ევროკავშირის მომავალი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია საქართველოს მთავრეობის დასახმარებლად, რათა მან შეძლოს ინსტიტუციური და ადამიანური შესაძლებლობების გაზრდა და მომავალშო სოფლის განვითარების სექტორის ეფექტიანი მართვა.
ENPARD-ის პროგრამის დახმარებით LEADER-ის ევროპული მოდელის, როგორც სოფლის განვითარების გაძლიერების ეფექტური მექანიზმის, დანერგვა საქართველოში გრძელდება. მიმდინარე სამი პროექტი კიდევ 24 თვით გაგრძელდა, რათა LEADER-ის მიდგომა უფრო კონსოლიდირებული, ხოლო საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხრივ შედეგები მეტად მდგრადი გახდეს. დამატებით, ევროკავშირმა დააფინანსა სოფლის განვითარების კიდევ ხუთი პროექტი: ახალქალაქის, თეთრიწყაროს, დედოფლისწყაროს, ქედასა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წელს სოფლის განვითარების ეროვნული სტრატეგიის მიღების შემდეგ, LAG-ებს მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი წვლილი შეიტანონ ეროვნულ დონეზე მუნიციპალიტეტების სტრატეგიების განვითარებაში. ამ პროცესის ხელშესაწყობად, დღეისთვის არსებული უკვე რვა სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციები გეგმავენ LAG-ების კოორდინაციის ფორმალიზებას და საქართველოს LAG-ების ასოციაციის დაფუძნებას (GALAG). ეს თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინსტიტუციურ მდგრადობას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დანართში იხილეთ შედეგების შემფასებელი მისიის მონიტორინგის ანგარიშები სოფლის განვითარების სამივე პროექტისთვის.
წყარო: ENPARD