თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა, რომ ის მოქალაქეები, რომელთა საკუთრებებიც გენგეგმის ფარგლებში არასამშენებლო ტერიტორიებზე მოექცა, კომპენსაციას მიიღებენ, ან მოხდება მათი ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა. მისი თქმით, მთები და ფერდები, რომელიც თბილისს აკრავს, თითქმის ყველა კერძო საკუთრებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი განაშენიანების შემთხვევაში ახალი უბნების მომსახურება სამჯერ და ოთხჯერ უნდა გაიზარდოს.
“გენერალური გეგმის საბოლოო ვერსია მუნიციპალიტეტმა ჩაიბარა და საკრებულოში დასამტკიცებლად გადაიგზავნება. როგორც ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, გენერალური გეგმა არ იქნებოდა გამოუყენებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ის რეგულაციები, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ შენობების მატებასთან დაკავშირებით, გენერალურ გეგმასთან ერთად საკრებულოში გადაიგზავნება. გენგეგმა იქნება აღსრულებადი და ქალაქი დაიწყებს განვითარებას იმ ზონების მიხედვით, რაც დოკუმენტმა დაადგინა.
ამასთან, 200-მდე განაცხადი იყო შემოსული მოსახლეობის მხრიდან, რომლებსაც კითხვები ჰქონდათ თავის საკუთრებასთან დაკავშირებით. ის მოქალაქეები, რომელთა საკუთრებებიც გენერალური გეგმის ფარგლებში არასამშენებლო ტერიტორიებზე მოექცა კომპენსაციას მიიღებენ, ან მოხდება მათი ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა. აუცილებლად იქნება მათი საკუთრება დაცული. რეკრეაციული ზონა ისეთ ტერიტორიებს დაედო, სადაც მეწყერსაშიშია, აქტიური გეოდინამიკური პროცესები მიმდინარეობს, არის კოლექტორები და სხვა ასეთი ტერიტორიები, რომელთა განვითარება ამ გენერალური გეგმით მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული.
თბილისში კერძო საკუთრებები სამჯერ უფრო დიდ ტერიტორიაზეა, ვიდრე ჩვენ განაშენიანებულ ქალაქს აღვიქვამთ. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ მთები და ფერდები, რომელიც თბილისს აკრავს, თითქმის ყველა კერძო საკუთრებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი განაშენიანების შემთხვევაში სამჯერ და ოთხჯერ უნდა გაიზარდოს ახალი უბნების მომსახურება და მთლიანად უნდა ამოიწუროს რეკრეაციული ფუნქციის მატარებელი ტერიტორიები, რაც ამ ეტაპზე გენგეგმის მიხედვით მიწანშეუწონლად იქნა მიჩნეული.
გენერალური გეგმა ადგენს 11 ძირითად მიმართულებას, სადაც განვითარება გარკვეული პირობების დაცვით უნდა მოხდეს. ერთ-ერთი არის ელიავას მიმდებარე ტერიტორია, ლისის ტბისა და თბილისის ზღვის ტერიტორიები და ა.შ.“, – განაცხადა ბითაძემ.