კალაძე: გენგეგმაში ხარვეზები გასწორებულია და დღეს საკრებულოს გადაეგზავნება

808

წინა სტატია

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერიისა და ‘სითი ინსტიტუტის“ ერთობლივი მუშაობა დედაქალაქის განვითარების მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე დასრულებულია.  მისი თქმით,  მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ხარვეზები გაასწორეს და ის საკრებულოს დღეს გადაეგზავნება.

“ძალიან მნიშვნელოვანია ამ დოკუმენტის მიღება. რამდენიმე ხნის წინ საკრებულომ  დოკუმენტი მერიაში გადმოგზავნა, რათა მათი ხარვეზები და შენიშვნები ყოფილიყო გათვალისწინებული. ჩვენ ვიმუშავეთ და ყველა ხარვეზი არის გამოსწორებული. შენიშვნები, რომელიც იყო წამოსული, მიღებული და გასწორებულია და დღეს უკვე დოკუმენტს გადავგზავნით საკრებულოში, რათა გენერალური გეგმა იქნას მიღებული.

ძალიან ბევრი სამუშაო იქნა გაწეული იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი ყოფილიყო სრულყოფილი და რაც მთავარია, ყოფილიყო შესრულებადი. ძალიან შრომატევადი სამუშაო გაიწია “სითი ინსტიტუტთან“ ერთად, ჩვენ სამუშაოებში ჩავრთეთ საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე ძალიან დაგვეხმარა ადგილობრივი საფინანსო ინსტიტუტები, ექსპერტები და ა.შ. ერთიანი ძალისხმევით შევძელით ის, რომ მივიღეთ დოკუმენტი, რომლის მიღებითაც შესაძლებელი იქნება თბილისის გრძელვადიანი, სწორი განვითარება, რომ თავიდანვე იქნას აცილებული ის სერიოზული პრობლემა, ქაოტური მშენებლობა, რომელიც თბილისში გვაქვს. გარდა ამისა, რამდენიმე ხნის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება K2 კოეფიციენტთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილებები ისევ წაადგება დედაქალაქს და მის სწორ განვითარებას“, – განაცხადა კალაძემ.