თბილსისი მერის მოადგილემ მაია ბითაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მერია ელიავას ბაზრობის ერთი ნაწილის რეკრეაციულ ზონად, ხოლო მეორე ნაწილის საზოგადოებრივი-საქმიანი ფუნქციით განვითარებას გეგმავს. მისი თქმით, ბაზრობის ტერიტორიაზე გარკვეული ბუფერული ზონა უნდა შეიქმნას, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის და ბაზრობაზე დასაქმებულების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას.
“ელიავას მიმდებარე ტერიტორიასთან დაკავშირებით, ისევე როგორც, თბილისის ზღვასთან და ლისის ტბასთან მიმართებაში, გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები, რომლის მიხედვით, აღნიშნულ ტერიტორიებზე განაშენიანება უნდა მოხდეს სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვით, საცხოვრებელ და საწარმოო ზონებს შორის გარკვეული ბუფერის შექმნით და აუცილებლად გარემოსდაცვითი, სატრანსპორტო და ურბანული გააზრებით. ტერიტორია მოგეხსენებათ დიდია, ამიტომ მისი ერთი ნაწილის რეკრეაციულ ზონად განვითარება უნდა მოხდეს, მეორე ნაწილის საზოგადოებრივი საქმიანი ფუნქციით განვითარება, მაგრამ ამან საფრთხე არ უნდა შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. გარემოს დაბინძურების ფაქტები ამ ტერიტორიაზე ძალიან აშკარაა. ეს არის ტერიტორია, სადაც საშენი მასალების დასაწყობებისას, გაყიდვა-რეალიზაციისას ამტვერიანების კუთხით ერთ-ერთი ყველზე დაბინძურებული ადგილია. არ შეიძლება საცხოვრებელ ზონასთან ახლოს იყოს ისეთი მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, რომელიც პირდაპირ საფრთხის შემცველია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის აალებადი მასალის არაკონტროლირებადი ვაჭრობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ბითაძემ.
მისივე თქმით, ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხის შემცველია არა ის საქმიანობა, რასაც ისინი ახორციელებენ, არამედ როგორაც ხორციელდება ეს საქმიანობა.
“მე როგორც ვიცი დღეს არის გარკვეული მესაკუთრეების მხრიდან მათი კონცეფციის განხილვა. ბევრჯერ შევხვდით ადამიანებს, არავის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ტერიტორიის განვითარება მოხდება მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული განაშენიანების გეგმის რეგულირების ფარგლებში. ხაზს ვუსვამ, ნებისმიერი ტერიტორიის განაშენიანება ისე უნდა მოხდეს, რომ ამან საფრთხე არ შეუქმნას სხვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხისშემცველია არა ის საქმიანობა, რასაც ისინი ახორციელებენ, არამედ როგორაც ხორციელდება ეს საქმიანობა. იცით, რომ გარემოს დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ჩვენს საკანონმდებლო წინადადებას, რომლის მიხედვითაც გაკონტროლდება ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირება და დასაწყობება. ასევე გაკონტროლდება ყველა ის საქმიანობა, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის, დასაქმებულებისთვის და მცხოვრებლებისთვის არის საფრთხისშემცველი. ამ ადამიანებთან ერთად სწორად გადავჭრით ამ ტერიტორიის შემდგომი განვითარების პერსპექტივას ისე, რომ არც გარემოსდაცვითი და სატრანსპორტო კუთხით აღნიშნული ტერიტორია ჩვენი ქალაქისთვის პრობლემას არ ქმნიდეს“, – განაცხადა ბითაძემ.
თბილისის მერის მოადგილე არ აკონკრეტებს, მოხდება თუ არა ბუფერისა და რეკრეაციული ზონის მოსაწყობად ბაზრობის ტერიტორიიდან მაღაზიების ნაწილის აღება. როგორც მაია ბითაძემ აღნიშნა, მეპატრონეებთან მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.