ბასილაია: ვაკის პარკის შადრევანში ტუმბოების მონტაჟი ისე განხორციელდა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული

349

წინა სტატია

თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, ვაკის პარკის შადრევანში ტუმბოების მონტაჟი ისე განხორციელდა, როგორც პროექტით იყო გათვალისწინებული.

აღნიშნულით, „მან ელ ემ სის“ წარმომადგენლის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადება შეაფასა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მათ მიერ წარდგენილ პროექტში, ვაკის პარკის შადრევნის ე.წ. ტუმბოები გარეთ იყო გამოტანილი და რომ პროექტი მათთვის გაუგებარი მიზეზით არის შეცვლილი.

როგორც ბასილაია განმარტავს, ავტორის მხრიდან მსგავსი განცხადებები სამწუხაროა.

„ძალიან სამწუხარო განცხადებაა. პროექტში ნათლად არის მითითებული, თუ რა ტიპის ტუმბოები უნდა იყოს პროექტში. პროექტში გათვალისწინებული იყო ჩაძირული ტუმბო, მრგვალ შადრევანზე, რომელიც მითითებულია, რომ ჩაძირული უნდა იყოს, შესაბამისად, ეს ტუმბო გარეთ ვერ იქნებოდა. ეს ტუმბო რომ გარეთ ყოფილიყო, სხვა ტიპის ტუმბო უნდა ყოფილიყო.

ნახაზი გვაქვს, სადაც მითითებულია რამდენი ტუმბო უნდა ყოფილიყო, სად უნდა ყოფილიყო. მესამე ნახაზში, რომელიც დამოწმებულია ავტორის მიერ, ნათლად ჩანს, თუ სად არის ტუმბო და სად უნდა ყოფილიყო. ძალიან სამწუხაროა ავტორის მხრიდან ასეთი განცხადებები. ფაქტობრივად, ტუმბოები ისე განხორციელდა, როგორც პროექტში იყო. სულ რომ ამას იძახდეს ეს ადამიანი, მას ხელშეკრულებით ევალებოდა, პროექტის ნებისმიერ ცვლილებაზე, პროექტის მსვლელობაზე საპროექტო ზედამხედველობის გაწევა.

ეს ადამიანი ჩართული იყო, როგორც სამშენებლო პროცესში, ასევე გახსნამდე ადგილზე იყო და ზუსტად იცოდა როგორ განხორციელდა სამუშაოები. არც ერთხელ მისგან არ დაფიქსირებულა პრობლემა“,-აღნიშნავს ბასილაია.

კითხვაზე, რატომ არ დამონტაჟდა გერმანული ხარისხის ტუმბო, რომლის დამონტაჟებაზეც მიუთითებდა პროექტის ავტორი, ბასილაია განმარტავს, რომ შესაბამისმა სამსახურმა ის პროდუქტი წარმოადგინა, რომელიც აკმაყოფილებდა ტექნიკურ მახასიათებლებს, ასეთი კი ჩინური ტუმბოა.

„ესეც დიდი სისულელეა, პროექტში არ შეიძლება ჩაიდოს მწარმოებელი ქვეყანა. ეს არის კანონმდებლობის დარღვევა. პროექტში იდება ტექნიკური მახასიათებლები, შესაბამისად, ის პროდუქტი წარმოადგინა, რომელიც აკმაყოფილებდა. ჩინური ტუმბოა დაყენებული, ეს ტუმბო აკმაყოფილებდა. პროექტი რეკომენდაციას არ ითვალისწინებს, ტექნიკური მახასიათებლები იდება, არ შეიძლება მწარმოებელი ქვეყანა ჩადო, თორემ ჩვენც გვინდოდა კარგი ხარისხის შეგვეკვეთა“,- აღნიშნავს ბასილაია.