ლაღიძის და ბარამიას ქუჩებზე საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის ზუგდიდის მერიამ მიწა გამოყო

717

ლაღიძის ქუჩის მცხოვრებლები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დანიის ლტოლვილთა საბჭოს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელთან ერთად დღეს ქალაქის მერს შეხვდნენ. საუბრის ძირითადი თემა ორ – ლაღიძის და ბარამიას ქუჩებზე საბავშვო ბაღების მშენებლობას ეხებოდა, იმას, თუ რა სიახლე არსებობს მოცემულ საკითხზე.

ქალაქის მერის, ირაკლი გოგოხიას განცხადებით, მათ თხოვნის შესაბამისად გამოყვეს მიწის ნაკვეთები, სადაც სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა უნდა განხორციელდეს.

„ჩვენი ვალდებულება ამ ეტაპზე შესრულებული გვაქვს. უკვე ველოდებით დონორებს, როდის დაიწყებენ სამუშაოებს. გამოვყავით ტერიტორიები, მისაღები ფართი, რომ სტანდარტებით აშენდეს ახალი საბავშო ბაღები. ალბათ რამდენიმე თვეში დაიწყება მშენებლობა“, – აღნიშნა მერმა.

ირაკლი გოგოხიასვე თქმით, მათი ჩართულობა მიწის გადაცემაში გამოიხატა, თავის მხრივ დონორი კი მშენებლობას სრულად დააფინანსებს.

მიწის და ქონების მართვის განყოფილების უფროსმა დავით სხულუხიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ გამოყოფილი მიწის ნაკვეთებიდან ერთი ამ დრომდე სახელმწიფო საკუთარებაშია. მის გადმოსაცემად მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი.

„ჩვენ შევარჩიეთ მიწა, ორი აგურის საცხოვრისი რომ დგას, იმის უკან. ნახაზი უკვე გაკეთებულია და გაგზავნილია ქონების მართვის სააგენტოში. ჯერ არ არის ჩვენს საკუთრებად დარეგისტრირებული. ეს საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება. მეორე მიწის ნაკვეთი გამსახურდიას ქუჩაზეა, დევნილთა პოლიკლინიკის გვერდზე“, – განმარტა მერიის წარმომადგენელმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნების“ ხელმძღვანელმა კახა ჯინჯოლიამ აღნიშნა, რომ კმაყოფილია დღევანდელი შეხვედრით და იმ ინფორმაციით, რაც დღეს მიიღო.

„ჩვენს ბავშვებს საშველი დაადგებათ და სკოლამდელ განათლებას მიიღებენ“, – განმარტა მან.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯეს“ ხელმძღვანელ იაგო ფასანძის თქმით, აუცილებელია, როცა კორპუსების მშენებლობა ხდება, პროცესს მიებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაც.

დანიის ლტოლვილთა საბჭოს ზუგდიდის ოფისის უფროს მზევი ჯოჯუას, რომელიც სწორედ მოცემული ბაღების მშენებლობის საკითხზე მუშაობს, დღეს დეტალებზე, მათ შორის იმაზე, თუ როდიდან დაიწყება კონკრეტული სამუშაოები, არ უსაუბრია. აღნიშნა, რომ პროექტის საბოლოო ხელმოწერამდე ამ ყველაფერზე ვერ ილაპარაკებს.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა მიეძღვნა ადვოკატირების კამპანიის შედეგების განხილვას მრგვალი ფორმატის ფარგლებში.

„ადვოკატირების კამპანია იყო ერთ-ერთი კომპონენტი აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის – „გაუმჯობესებული სერვისები – დაცული, მოწყვლადი ჯგუფები“, რომელიც განხორციელდა და ხორციელდება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ცამეტ მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნა მზევი ჯოჯუამ.

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს, ახალ უბანში საბავშვო ბაღის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ლაღიძის ქუჩის მცხოვრებლებმა საბავშვო ბაღის მშენებლობა, ან ახლოს მდებარე დაწესებულებების გაფართოება და მათთვის ადგილების გამოყოფა მოითხოვეს. სპორტული მოედნის შესასვლელთან შეკრებილებმა გააკრეს ბანერი წარწერით – „98 ბავშვი საბავშვო ბაღის მოლოდინში“.

წყარო: ლაივპრესი