თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პარკირებასთან დაკავშირებით თბილისელები “კიდევ ერთხელ მოატყუა და გააცურა“. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ხაბეიშვილის თქმით, პარკირებასთან დაკავშირებით საზოგადოებას ახსოვს, რომ კახა კალაძემ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ადმინისტრირებიდან ტაშფანდუით გაიყვანა „სითი პარკი“, თუმცა მოსახლეობის პარკირების პრობლემები ამით არ გადაწყვეტილა.
“სითი პარკის სახელთან კი არ ჰქონდა თბილისელებს პრობლემა, არამედ პრობლემა იყო პარკირების ადგილები. ჯარიმები იყო დიდი და საურავები ერიცხებოდათ მოქალაქეებს. მათ შორის, ავტომობილების გადაყვანა ხდებოდა საჯარიმო სადგომზე. დღეს რა შეიცვალა? არც ერთი საპარკინგე ადგილი არ დამატებია თბილისს, ჯარიმები არის იგივე, საურავებიც იგივე. ადრე თუ ავტომობილი “სითი პარკს“ გადაყავდა, ახლა სატრანსპორტო სამსახურს გადაყავს იგივე სახით, ანუ, ადმინისტრირება არის აბსოლუტურად იგივე, ერთადერთი რაც იცვლება პარკირებასთან დაკავშირებით არის საფასური“, – განაცხადა საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
მისივე თქმით, თუ პარკირების საათობრივი საფასური 50 თეთრი გახდება, 5–6 საათით პარკინგზე ავტომობილის გააჩერების შემთხვევაში მფლობელს დღეში დაახლოებით 3 ლარის გადახდა მოუწევს, თვეში დაახლოებით 70–80 ლარის, ხოლო წელიწადში – 700–800 ლარის. ხაბეიშვილის განმარტებით, მანამდე საპარკინგე ადგილი წელიწადში 50 ლარი ღირდა.
ამასთან, ხაბეიშვილმა იმის შესახებაც ისაუბრა, პარკირების თანხებით რამდენად გაიზრდება თბილისის ბიუჯეტი.
მისივე თქმით, ლოგიკა, რომ პარკირების საფასურს გავზრდით და შედეგად ქალაქში აღარ იქნება საცობები, “ანეკდოტია და წარმოუდგენელია“. ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ დედაქალაქში შესაბამისად არ არის განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომ მოქალაქეები ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადასხდნენ.
“2014 წლამდე, წინა ხელისუფლების დროს, დედაქალაქის ბიუჯეტში ჯარიმების სახით 20 მილიონი ლარი შედიოდა. წელს კალაძეს 40 მილიონი ლარი აქვს დაგეგმილი. 2–ჯერ მეტს ამოიღებენ მოსახლეობის ჯიბეებიდან, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს. ვინმეს ორჯერ მოემატა ხელფასი, ან ორჯერ გაეზარდა შემოსავალი? – არა. პირიქით, ორჯერ გაღარიბდნენ მოქალაქეები. დავით ნარმანიასთან შედარებითაც კი 12 მილიონი ლარით მეტის ამოღებას გეგმავს კალაძე. თავიდან საუბრობდნენ, რომ საათობრივი 20 თეთრი იქნებოდა, ახლა ამბობენ, რომ 50 თეთრი იქნება. დაფიქრდნენ თბილისელები, კალაძე რამდენად კარგი მერია. ჩვეულებრივი თაღლითი და აფერისტია, რომელიც ადგა და თბილისელები მოატყუა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
მისივე თქმით, მათი ფრაქცია იბრძოლებს, რომ მერიის მიერ დაგეგმილი ეს ცვლილებები საკრებულომ არ მიიღოს ან გადავადდეს.
თბილისის ვიცემერის ირაკლი ხმალაძის ინიციატივით, პარკირების ზონალური საფასური, სავარაუდოდ, 50 თეთრიდან განისაზღვრება.
ამასთან, თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, მძღოლებს ავტომანქანის უფასოდ პარკირება დღეში 4-ჯერ, 15-15 წუთით შეეძლებათ.
ასევე, ცნობილია, რომ პარკირების საათობრვ გადასახადს ელექტრომობილების მფლობელები და შშმ პირები არ გადაიხდიან. ხოლო, სამუშაო ოფისებთან მანქანების გაჩერებაზე პარკირების საფასური საათობრივად განისაზღვრება.
“პარკირებაზე გადახდის საათობრივი სისტემის შემოღების მიზანი არის არა ის, რომ პარკინგის სისტემა კომფორტული გახდეს, მისი მიზანია, რომ გაიძულოთ გადახვიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე”, – ამბობს თბილისის ვიცემერი.
დედაქალაქში პარკირებაზე საათობრივი გადასახადი, თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე 1-ელი ივლისიდან დაწესდება.