ოზურგეთში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია იწყება

1792

ოზურგეთში კოსტავას N2-ში მდებარე ცენტრალურ პარკს და თეატრის გვერდით მდებარე ე.წ. სამკუთხა პარკს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის მაჟორიტარი არჩილ თალაკვაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.

“ვასრულებთ პირობას და ოზურგეთში ცენტრალური პარკის სრულ რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციას ვიწყებთ, რომელიც კოსტავას 2-ში (გამგეობასთან) მდებარეობს. ამასთან ერთად, მოხდება თეატრის გვერდით მდებარე პარკის (“სამკუთხა”) სრული რეაბილიტაციაც.

1 წლის წინ, ჩემი ბიუროს მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში, ამ პროექტს 517 გამოკითხული ოჯახიდან 76% მისცა ხმა”, – წერს თალაკვაძე.

მისივე ინფორმაციით, პროექტს მიმდინარე წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. ტენდერი პროექტირებაზე კი ერთ კვირაში გამოცხადდება.