ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების პროექტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) წარადგნა და ახალი პროექტის “ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ახმეტის მუნიციპალიტეტში“ პრეზენტაციას დაესწრო. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ევროკავშირის დახმარებით პროექტს ორგანიზაცია “მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (Action Against Hunger)” ახორციელებს.
ამასთან, ევროკავშირის ელჩი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი პანკისის ხეობის უხუცესებს, ქალთა საბჭოს წევრებს და მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც სასაწავლო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებოდნენ.
ელჩი ხეობაში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს ადგილზე გაეცნო და პანკისის ხეობაში ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების პოტენციალის გაძლიერების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე კარლ ჰარცელმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტის ძირითადი მიზანი სოფელში არსებული პრობლემების მოგვარება და ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო პოტენციალის გაზრდაა.