ადიგენის სოფელ ვარხანში დაზიანებული წყლის მილების გამო 5 თვეზე მეტია ქუჩები იტბორება

917
დაზიანებული წყლის მილის გამო დატბორილი გზა

ადიგენის სოფელ ვარხანში შიდა ქუჩები ხუთ თვეზე მეტია წყლით იტბორება, მიზეზი მოძველებული სასმელი წყლის სისტემაა. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ პრობლემა მიმდინარე წელს მოგვარდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ყოველ დღეს, დილის საათებში, ვარხანში გზაზე გავლა რთულია, ამ დროს წყალს უშვებენ და ქუჩებზე ნიაღვარი მოედინება.

“ხან რომელი მილი გასკდება და შუა გზაში წყალი ამოასხავს და ხან რომელი, შეიძლება წყლის ასე დაკარგვა?! რამდენი ხანია ასეა და არაფერი ეშველა“, – ამბობს ვარხანში მცხოვრები დავით ველიჯანაშვილი.

ა(ა)იპ “ადიგენის წყალმომარაგებაში“ ამბობენ, რომ სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2019 წელს აუცილებლად განხორციელდება, სისტემის მოსაწყობად საპროექტო სამუშაოებზე კი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

“ეს არის ძალიან ძველი სისტემა, ჯერ კიდევ 1968 წელს გაკეთებული, ჩვენ 2014–2015 წლებში გავაკეთეთ ახალი სისტემა, თუმცა მაშინ ვარხანში მხოლოდ ერთ ნაწილში მოვაწესრიგეთ წყალი. ახლა დაგვრჩა მეორე ნაწილი, სადაც მილების დაზიანების გამო წყალი სულ ესე მოედინება და ვკარგავთ“, – ამბობს მამუკა დემეტრაძე.

მისი თქმით, საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა თანხა დასჭირდება სისტემის რეაბილიტაციას: “სავარაუდოდ 200 000 ლარი დაგვჭირდება“.