ბათუმის მერიასთან გონიოში მიწის მესაკუთრეები აქციას მართავენ. შეკრებილების თქმით, ისინი ეჭვობენ, რომ მერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს, მათ სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებას კვლავ გაასაჩივრებს. მათივე ინფორმაციით, უწყება საქმის გასაჩივრებას დღეს გეგმავს. აქციის მონაწილეები ბათუმის მერიას მოუწოდებენ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას გეგმავენ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ, გონიოში მცხოვრები 50 ოჯახის საკუთრების საკითხზე მიმდინარე წლის 6 ივნისს იმსჯელა. მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ ბათილად ცნო ბათუმის მერიის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც გონიოელებს მიწის საკუთრების დაკანონებაზე უარი ეთქვათ. გადაწყვეტილების მიხედვით, თითეული ოჯახის საქმის შესწავლა ინდივიდუალურად უნდა მოხდეს.
გონიოს მცხოვრებლებმა საკუთრების უფლების დაბრუნებასთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობის სახლთან და გონიოში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეეების განმარტებით, გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრის მიმდებარე ტერიტორიები 2007 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ ადგილობრივებს საკუთრებაში დაურეგისტრირა. მოქალაქეები, კომისიის მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე, საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად დარეგისტრირდნენ. თუმცა, 2010 წლის 9 ნოემბერს #36 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე იმავე კომისიამ 271 მოქალაქეს ერთდროულად გაუუქმა მის მიერვე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობები და ჩამორთმეული ქონება კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში დააბრუნა.
წყარო: ინტერპრესნიუსი