2018 წელს 182.2 მილიონი ლარის ღირებულების კაპიტალური პროექტები ვერ შესრულდა

615

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, 2018 წელს ჯამში 182.2 მილიონი ლარის ღირებულების 12 კაპიტალური პროექტი წლიურ გეგმასთან შედარებით 0%-ით შესრულდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

უფრო კონკრეტულად, პროექტების ჩამონათვალი, რომლებზეც გასულ წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა არ დახარჯულა, შემდეგია: ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის და რკინიგზის მშენებლობა – პროექტზე გასულ წელს ბიუჯეტიდან 11 მილიონი ლარის დახარჯვა იყო გათვალისწინებული, თუმცა გამოცხადებული ტენდერი 3-ჯერ ჩაიშალა; ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან (კოპიტნარი) სატრანსპორტო კვანძის მოწყობა- წლიური გეგმა: 10 მილიონი ლარს შეადგენდა; მდინარე დებედაზე ხიდის მშენებლობა- წლიური გეგმა: 5 მილიონი ლარი; ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა- მოდერნიზაცია -25 მილიონი ლარი; მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და გვირაბის მშენებლობა-53 მილიონი ლარი; მდინარე რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა; 10 მილიონი ლარი თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ20-კმ50 ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა- 25 მილიონი ლარი; საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი-1 მილიონი ლარი ქობულეთის წყალარინების პროექტი- 3 მილიონი ლარი; თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდის პროექტი-10,2 მილიონი ლარი; აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი – 4 მილიონი ლარი; თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ22- კმ57 რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა – 25 მილიონი ლარი; 12 თვის გეგმის მხოლოდ 1% დაიხარჯა ქუთაისის წყალინარების პროექტზე, რომლის გეგმა 3 მილიონ ლარს, შესრულება კი მხოლოდ 41,390 ლარს შეადგენს;

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კაპიტალური პროექტების დაფინანსებისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 1.9 მლრდ ლარი. 64 კაპიტალური პროექტიდან გამოყოფილი თანხების 80%-ზე ნაკლები ათვისების მაჩვენებელი აქვს 22 პროექტს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, იკვეთება ხარვეზები კაპიტალური პროექტების განხორციელების ყველა ეტაპზე. არ არსებობს კაპიტალური პროექტების განვითარების სტრატეგია არც ქვეყნის და არც სექტორულ დონეზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ წინა წლებშიც ფიქსირდებოდა მილიონობით ლარის ღირებულების შეუსრულებელი კაპიტალური პროექტები. კერძოდ, 2017 წელს ჯამში 46.8 მლნ ლარის ღირებულების 13 კაპიტალური პროექტი საერთოდ ვერ შესრულდა.