ცქიტიშვილი: ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის წელს 138 მილიონი ლარია გამოყოფილი

799

რეგიონული განვითარებისადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სამინისტროს საქმიანობაში ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა,

მისი თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება უდიდეს როლს თამაშობს რეგიონის მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში და სიღარიბის დაძლევაში, რადგან ტურიზმიდან მიღებული სარგებლის ყველაზე დიდი წილი სწორედ რეგიონში რჩება.

როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, შარშან ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 90 მილიონი ლარის 14 პროექტი განხორციელდა, წელს კი ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის 138 მილიონი ლარია გამოყოფილი.

“შარშან დეკემბერში დასრულდა ჩვენს რეგიონში ყველაზე გრძელი, კობი-გუდაურის საბაგიროს 7.2 კმ გზა, რომლის დაფარვაც 25 წუთში არის შესაძლებელი და ზამთარში, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების დროს, როცა ჯვრის უღელტეხილზე გამავალი საავტომობილო გზა ჩაკეტილია, დამსვენებლები ყაზბეგიდან გუდაურში გადასვლას საბაგიროთი შეძლებენ. შედეგად, გაიზრდება გუდაურის, როგორც კურორტის ზონის გეოგრაფიული არეალი და გაჩნდება ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა კობშიც. ასევე განიტვირთება ყაზბეგი -გუდაურის საავტომობილო მონაკვეთზე არსებული სატრანსპორტო მოძრაობაც“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გუდაურში საბაგიროსთან ერთად გასულ წელს წყლის ხელოვნური რეზერვუარი (100 000 მ3) მოეწყო, რომელიც ზამთარში კურორტზე სათხილამურო ტრასების გათოვლიანებისთვის არის მნიშვნელოვანი.

“ასევე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტეში დასრულდა გერგეტის სამებამდე მისასვლელი 5.6კმ გზა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს ტურისტთა გადაადგილებას ამ მონაკვეთზე და გაზრდის დამთვალიერებელთა რიცხვს. წელს ტურიზმის ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილია 138 მლნ. ლარი. მიმდინარე წელს ქვემო ქართლში, სოფელ ასურეთში დასრულდება შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც მოიცავს XIX საუკუნის გერმანული ეკლესიის, საცხოვრებელი სახლების და სასაფლაოს აღდგენას. ზუგდიდში დასრულდება ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, მესტიაში – ლეო ფილფანის სახელობის თეატრის რეაბილიტაცია. ასევე, მიმდინარე წელს დასრულდება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა და მცხეთაში, ძველი კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტი. დაწყებულია აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება, რომლის თანახმადაც მოხდება და უკვე ნაწილობრივ დაწყებულია აბასთუმნის კურორტის განვითარება, რაც გულისხმობს მე-19, მე-20 საუკუნის ისტორიული სახლებისა და ნაციონალური ობსერვატორიის სრულ რეაბილიტაციას, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენას, ბიბლიოთეკის რეაბილიტაციას, ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრის და სხვა დამხმარე ტურიზმის ინფრასტრუქტურის განთავსებას“,- განაცხადა მინისტრმა.