“პრობლემა ის კი არაა, მინისტრები რომ კრებებს ესწრებიან, პრობლემა ისაა, რომ, როცა კრებაზე მოსახლეობა წყლის პრობლემას აყენებს, მინისტრი ეუბნება, არა, წყალი კი არა, სტადიონი გჭირდებათო, როგორც ეს ლამისყანაში მოხდა”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი ხათუნა გოგორიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებას.
ცქიტიშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ გამოიწვია მედიის უკმაყოფილება იმ ფაქტმა, რომ მინისტრები და სამინისტროების წარმომადგენლები სოფლის კრებებს ესწრებიან. ამის შესახებ დღეს მან პარლამენტში “მინისტრის საათზე” გამოსვლისას განაცხადა და დასძინა: “ვესწრებით იმიტომ, რომ ეს არის კარგი საშუალება, რათა პირდაპირ მივიღოთ ინფორმაცია მოსახლეობის საჭიროებაზე”. მან, ასევე, განაცხადა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამამ ხელისუფლებას დაანახა, რომ სოფელმა უკეთ იცის, რა უნდა.
როგორც ცნობილია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები 15 იანვრიდან იმართება. კრებების გარკვეულ ნაწილს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, ინფრასტრუქტურის, თავდაცვის, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, აგრეთვე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები და ცენტრალური ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სოფელ ლამისყანაში ისიც განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო კეთილ ნებას გამოიჩენს და სოფლის სტადიონს კეთილმოაწყობს. ეს კი, ექსპერტთა აზრით, უწყების მხრიდან საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვა იქნება.